ახალი ამბები

სააკაშვილი პრემიერობას მხოლოდ 2 წლით აპირებს

7 სექტემბერი, 2020 • 1100
სააკაშვილი პრემიერობას მხოლოდ 2 წლით აპირებს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, მან ისაუბრა  მართლმსაჯულების და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე, ასევე ბოდიში მოიხადა “დაშვებული შეცდომების” გამო.

სააკაშვილმა, რომელიც დღეს “ძალა ერთობაშიამ” პრემიერობის კანდიდატად დაასახელა, განაცხადა, რომ ის პრემიერობას მხოლოდ 2 წლით აპირებს.

“მე ამაზე [პრემიერობა] ბევრს ვფიქრობ და მინდა გითხრა, რომ მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება, ნამდვილად არ მენატრება და მინდა გითხრათ, რომ პრემიერი ვიქნები არასრული ვადით, მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს იქნება საკმაირისი, რათა ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და წინ წავიდეთ.

მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რომელიც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და არეულობას, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველაზე ვთანხმდებით”, – განაცხადა მან.

სააკაშვილის განცხადება სრულად:

ოპოზიციურმა კოალიციამ “ძალა ერთობაშია” 2020 წლის არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. წარსულში სააკაშვილს უთქვამს, რომ მას მთავრობაში დაბურნების სურვილი არ ჰქონდა და მხოლოდ ლაზიკას მერობას გეგმავდა.

ენმ-ს ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს პრესკონფერენციაზე არ უთქვამს, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ აპირებს ოპოზიცია სააკაშვილის გაპრემიერებას, როცა ის არც საქართველოს მოქალაქეა და ამასთან, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა, როგორც პარტიაში “ნეტგაზეთთან” განმარტავენ, ეს დაბრკოლება არ არის და ვითარებას შეცვლა ორი საკანონმდებლო აქტით არის შესაძლებელი.

“კონსტიტუცია იმპერატიულად ადგენს ორ ძირითად მოთხოვნას. პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქე რომც იყოს, ის არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც, ამჟამად, უკრაინის მოქალაქეა.

დემეტრაშვილის თქმით, უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილს სხვა მხრივაც უშლის ხელს: საარჩევნო კოდექსის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ შეუძლია.

“შესაძლებელია, ეს იყოს საერთო საფრთხე იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის აუკრძალავენ საქართველოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, თავისი რჩევებით, პროგრამით და ა.შ.” – აცხადებს ის.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ნაფიქრი აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასაც გეგმავენ. მისი თქმით, სააკაშვილის მოქალაქეობისა და არც მისი სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი “მთავარი წინაღობა არ არის”.

“ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ამ არჩევნებში და მათ შორის, იმ ძალასთან დაკავშირებით, რომელმაც პრემიერ-მინისტრი უნდა წარადგინოს. საქართველოს კონსტიტუციით ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამიტომ, პარლამენტში არსებული განლაგება, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, საშუალებას მოგვცემს, რომ მივიღოთ ორი აქტი”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ლევან ბეჟაშვილი, ენმ-ს წევრი.

ბეჟაშვილის თანახმად, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ცვლილება შევა ორგანულ კანონში მოქალაქეობის შესახებ, რომლის თანახმადაც “მანამდე და შემდგომ უმაღლეს თანამდებობებზე მყოფ პირებს, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მოქალაქეობა, ავტომატურად აღუდგებათ ის”. თანამდებობის პირებში მოიაზრებიან პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ბეჟაშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიცია საკანონმდებლო გზით მოაგვარებს სააკაშვილის ნასამართლეობის საკითხსაც.

“…არის სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ იმავდროულად არის საერთაშორისო რეზოლუციები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ  დევნასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით პარლამენტი მიიღებს აქტს, დადგენილებას და მიხეილ სააკაშვილს სცნობს პოლიტდევნილად ამ ანგარიშებისა და რეზოლუციების საფუძველზე. უკვე ამის საფუძველზე მიღებული იქნება ამნისტიის შესახებ სისხლის სამართლებრივი აქტი, რომელიც გაათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან”, – ამბობს ის.

გაიგეთ მეტი ამ თემაზე

2 ცვლილება, რასაც ენმ სააკაშვილის გაპრემიერებისთვის გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი