ახალი ამბები

საკარანტინო ვადის 8 დღემდე შემცირება უცხოეთიდან შემოსულებს ეხება და არა ინფიცირებულებთან კონტაქტებს

7 სექტემბერი, 2020 •
საკარანტინო ვადის 8 დღემდე შემცირება უცხოეთიდან შემოსულებს ეხება და არა ინფიცირებულებთან კონტაქტებს

საკარანტინო ვადის 8 დღემდე შემცირება უცხოეთიდან შემოსულ პირებს შეეხება, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებს კი კვლავ 12 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, COVID დადასტურებულ შემთხვევებთან  კონტაქტებში ვირუსის გადადების რისკი გაცილებით მაღალია, რის გამოც აღნიშნული ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ უცხოეთიდან შემოსულ პირებს შეეხება. რაც შეეხება უცხოეთიდან შემოსული პირებისთვის საკარანტინო ვადების შემცირებას, იმნაძე განმარტავს, რომ სამეცნიერო მტკიცებულებები ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას იძლევა:

“დაგროვდა სამეცნიერო მტკიცებულებები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რისკის შეფასება. შემთხვევის კონტაქტს ჯერ [საკარანტინო ვადის 8 დღემდე შემცირება] არ ეხება. იქ რისკი გაცილებით მაღალია”, – უთხრა იმნაძემ “ნეტგაზეთს”.

უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე საკარანტინო პერიოდის შემცირებაზე განმარტება დღეს NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა:
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენს ბაზას. ვიცით რომელ დღეს ხდება ხოლმე ინფიცირება, რომელ დღეს არის გადამდები და ეს არის უკვე საერთაშორისო [გამოცდილება]. გაგიგიათ ალბათ დროსტენი, ძალიან ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგი, მისი ჰიპოთეზაა რომელიც აქტიურად განიხილება რომ 5 დღის შემდეგ ინფიცირებიდან ვირუსი სერიოზულად დასუსტებულია. საერთაშორისო პუბლიკაციები უკვე მიუთითებს, რომ მე-7 მე-8 მე-9 დღეებიდან ადამიანი გადამდები აღარ არის. რომც იყოს, ცხვირ-ხახაში მისი კონცენტრაცია აღარ აღინიშნება. ამაზე ბევრი მტკიცებულება დაგროვდა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი