ახალი ამბებირეკლამა

მოქმედი მთავრობის მიერ მიტოვებული 118 000 შშმ პირი – გიორგი ვაშაძე სტატისტიკას აქვეყნებს

7 სექტემბერი, 2020 • 806
მოქმედი მთავრობის მიერ მიტოვებული 118 000 შშმ პირი – გიორგი ვაშაძე სტატისტიკას აქვეყნებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პრობლემებზე საუბრობს. არსებულ მძიმე სტატისტიკას დამსხვრეული ოცნებების მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს და მათი მხრიდან უყურადღებოზეც მიანიშნებს.

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ოჯახები ხშირ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მიტოვებულები და ბედის ანაბარა დარჩენილები არიან. ფაქტობრივად სახელმწიფო არ ზრუნავს კომპლექსურად არსებულ პრობლემებზე.

საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით განსაკუთრებული საჭიროების მქონე 118 000 ადამიანია. ფაქტობრივად, ეს არის 118 000 ოჯახი. შესაძლოა, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია, მაგრამ არსებული სტატიტიკაც შემაშფოთებელია, ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 3% და საკმაოდ, დიდი პრობლების წინაშე დგანან. პრობლემები აქვთ, როგორც საპენსიო უზრუნველყოფის, ასევე შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის,“ – აღნიშნავს ვაშაძე.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდი სისტემურად მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საკითხს და მიაჩნია, რომ მოვიდა დრო მთავრობამ კომპლექსური სტრატეგია შეიმუშაოს.

„220 თუ უფრო დაბალი პენსიიდან 16%-იან სესხს არ უნდა იხდიდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. ამ პრობლემაზე არაერთხელ გვისაუბრია. „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზივი, რომლითაც ფაქტობრივად, ზარალდება აბსოლუტურად ყველა. ის, რომ პენსია მოსამატებელია, განსაკუთრებით ე.წ. მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის ინვალიდობის შემთხვევაში, ამაზეც ხშირად მივანიშნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პრობლემას – ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მათი ოჯახების პრობლემა, რომელზეც დამსხვრეული ოცნებების მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს, არ აწუხებს და მათი მხრიდან მიტოვებულები არიან. ისევ და ისევ საბჭოთა მიდგომა – თითქოს ეს პრობლემა რეალურად არარსებობს, თვალის დახუჭვა მათ გასაჭირზე და ეს ადამიანები წლები ცხოვრობენ ამ პრობლემებთანერთად, ეს სამწუხაროა. არასერიოზული მიდგომა მოქმედი მთავრობის მხრიდან. თურმე სამ წლამდე არ შეიძლება საერთოდ სტატუსის მინიჭება- ეს არის კატასტროფა. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებს აწვალებენ,“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და სპეციფიური დაავადებების მოქნე ადამიანების პრობლემებზეც საუბრობს და მათთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმის ამუშავების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

„აუცილებელია, გავერკვეთ, თუ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. უამრავი პრობლემაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პრობლემებთან ერთად ოჯახები ფაქტობრივად ვერ უმკლავდებიან დაავადებას და წლები უწვეთ ტანჯვით ცხოვრება. ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობდა, მუშაობს და აუცილებლად ვაპირებთ, რომ გადავჭრათ ეს საკითხები.

პირველ რიგში, ეს არის, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეს ბიუროკრატიული ბარიერები და პროცედურები დაუყოვნებლივ მოიხსნას, მეორე, დეკემბერში პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად ყველა სესხზე ეს უსაზღვროდ მაღალი პროცენტები ჩამოიწერება, მესამე-ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპლექსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხიდან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პენსიაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობის პრობლემების 100%-იანი სადაზღვეო პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ოჯახებს. ასევე რაც მთავარია დასაქმების მიმართულებით მუშაობა. როცა იუსტიციის სახლში ვმუშაობდით მაშინ გაკეთდა ძალიან კარგი პროგრამა, რომლითაც შშმ პირებს შეეძლოთ სახლიდან მუშაობა. აღნიშნულმა პროექტმა საკმაოდ, კარგად იმუშავა და ვფიქრობ მსგავსი პროექტები ამოვქოქოთ და ავამუშაოთ. მთავარია, განსაკუთრებული საჭიროება – ეს არ უნდა ითვლებოდეს საზოგადოებაში პრობლემად. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პროგრამას ამზადებს აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი