ახალი ამბები

რას ამბობს რეალურად 5-დღიან კარანტინზე გერმანიის წამყვანი ვირუსოლოგი

7 სექტემბერი, 2020 • 2043
რას ამბობს რეალურად 5-დღიან კარანტინზე გერმანიის წამყვანი ვირუსოლოგი

გერმანიის წამყვანი ვირუსოლოგი, პროფესორი კრისტიან დროსტენი აზუსტებს საკუთარ განცხადებებს კარანტინის [თვითიზოლაციის] დღეების 14-დან 5-მდე შემცირებასთან დაკავშირებით.

არაერთმა გერმანულმა გამოცემამ, მათ შორის, Business Insider-ის გერმანულმა რედაქციამ, დაწერა, რომ დროსტენი ამბობდა, — შესაძლებელია, კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად შემოღებული საკარინტინე დღეების რაოდენობა 14-დან 5-მდე შემცირდეს.

დროსტენი ხელმძღვანელობს გერმანიის ბრძოლას Covid-19-თან და ამ საქმეში წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი მას მიეწერება. ის „ენ-დე-ერის“ (NDR) პოდკასტების სერიაში, პანდემიის დაწყებიდან ხშირად საუბრობს კორონოვირუსის შესახებ [„ნეტგაზეთმა“ მასთან რამდენიმე ინტერვიუს თარგმანიც შემოგთავაზათ]. სექტემბრის დასაწყისში, ერთ-ერთ ბოლო პოდკასტში, დროსტენმა კარანტინის პერიოდის შემცირებაზე ისაუბრა.

კერძოდ, დროსტენმა თქვა, რომ არსებობს „თამამი ჰიპოთეზა“, რომლის თანახმადაც ის რეალური პერიოდი, რა დროშიც ვირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს, ხუთ დღეში დასრულებულია. მან თქვა, რომ პაციენტებს ტესტები ხუთი დღის შემდეგ შეიძლება ჩაუტარონ არა მხოლოდ იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი, არამედ არის თუ არა ვირუსი მე-5 დღიდან გადამდები.

მოგვიანებით დროსტენმა, —  ბერლინის ყველაზე ძველი და ევროპის ყველაზე დიდი, „შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორმა, —ტვიტერზე დაწერა, რომ არ საუბრობდა მთლიანი სტრატეგიის შეცვლასა და 14-დღიანი პერიოდის 5-მდე შემცირებამდე ყველა შემთხვევაში. კარანტინი/თვითიზოლაცია ამჟამად 14 დღეს გრძელდება, — WHO-სა და აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციების შესაბამისად.

დროსტენის თანახმად, მისი ინიციატივა ეხება არა ყველა შემთხვევას, არამედ „საგანგებო რეჟიმს“, — როდესაც დიდი კლასტერების იზოლაცია დამსაქმებლებს პრობლემას უქმნის და ეკონომიკურ/სოციალურ პრობლემებს წარმოშობს. ის ამას უწოდებს მოკლე „ქულდაუნს“, რომელიც არის „მიქსი იზოლაციისა და კარანტინისა“; მისი თქმითვე, ტესტირება 5-დღიანი პერიოდის დასრულებისას არის საჭირო.

დროსტენის თანახმად, ფრაზა, თითქოს „დროსტენი რეკომენდაციას უწევს კარანტინის 5 დღემდე შემცირებას“, უფრო შორს მიდის, ვიდრე მისი რეკომენდაციაა.

დროსტენის ინიაციტივას გერმანიის პოლიტიკური პარტიების ნაწილი მხარს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი