ახალი ამბები

მტკიცებულება არ არსებობს — ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

5 სექტემბერი, 2020 • 1193
მტკიცებულება არ არსებობს — ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა, იტყობინება  BBC. ტრამპმა მომხდარს „ტრაგიკული უწოდა“, თუმცა, გერმანული მხარის დასკვნის მიუხედავად დასძინა, რომ „[მოწამვლის] არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“ და დაპირდა ჟურნალისტებს, რომ „სიტუაციას გამოიკვლევდა“.

ტრამპმა აგრეთვე თავი შეიკავა მომხდარში რუსეთის ხელისუფლების დადანაშაულებისგან — „არ ვიცი ზუსტად რა მოხდა“, — დასძინა პრეზიდენტმა და შეეცადა, ყურადღება კვლავ ჩინეთისკენ გადაეტანა. „ამ მომენტისთვის ჩინეთი უფროა ის ქვეყანა, რომელზეც თქვენ [მედია] ბევრად უფრო მეტს უნდა საუბრობდეთ“, — უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

რა ხდება?

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. თუმცა, მხოლოდ პოლიტიკოსის ოჯახისა და მხარდამჭერების დაჟინებული მოთხოვნისა და ავიარეისის ორგანიზების შემდეგ.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა „შარიტე-ში“ მოათავსეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს. მოგვიანებით გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნავალნი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. [ამავე ნივთიერებით 2006 წელს მოწამლეს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების კიდევ ერთი ოპონენტი, სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო].

მასალების გადაბეჭდვის წესი