ახალი ამბები

ლუგარზე თავდასხმა დაშინების მცდელობაა – ზურაბიშვილი რუსეთზე მიანიშნებს

4 სექტემბერი, 2020 • 1031
ლუგარზე თავდასხმა დაშინების მცდელობაა – ზურაბიშვილი რუსეთზე მიანიშნებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა ანტიჰუმანური აქტი და საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ამის შესახებ ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.

ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა”, – წერია განცხადებაში.

პრეზიდენტი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ კითხვებს ბადებს თავდასხმისთვის შერჩეული დრო და რუსეთის მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობაზე მნიშნებები.

“ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას, უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო “რიასთან” საუბრისას, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომწამვლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომლის მსგავსი ნივთიერებით რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რამდენიმე დღის წინ მოწამლეს, რუსეთის ტერიტორიაზე არ მზადდება და “არსებული ინფორმაციით, ასეთი მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები აშშ-დან საქართველოშია ჩატანილი, ლაბორატორიაში”.

შვიტკინის ამ განცხადებას გუშინ, 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მუქარა და პოლიტიკური დემარში.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე.

უწყების ინფორმაციით, ჰაკერული შეტევა პირველ სექტემბერს განხორციელდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების უკანონოდ დაუფლების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი