ახალი ამბები

მსგავსი ღონისძიებები მაქსიმალურად ონლაინ გადავიტანოთ – ტიკარაძე “ოაზისის” კონფერენციაზე

4 სექტემბერი, 2020 • 1183
მსგავსი ღონისძიებები მაქსიმალურად ონლაინ გადავიტანოთ – ტიკარაძე “ოაზისის” კონფერენციაზე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოუწოდა სამედიცინო კონფერენციის დელეგატებსა და ექიმებს, რომ მიუხედავად სამედიცინო კონფერენციების მნიშვნელობისა, თავი შეიკავონ ფიზიკურად შეკრებისგან და მსგავსი ღონისძიებები, შეძლებისდაგვარად, ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანონ:

“ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის
განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება”, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტიკარაძის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სამედიცინო კონფერენციებისთვის სამინისტროს პლატფორმა შესთავაზოს.

“ჩვენ, ექმიმებმა, მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში. წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში”, – წერს ტიკარაძე.

ამავე თემაზე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელემაც. მისი თქმით, ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” 400-მდე ექიმის კონფერენციაზე შეკრება არ იყო სასურველი და მსგავსი შეკრების გამართვა ვირტუალურადაც შეეძლოთ.

“მივმართავ მათ [ექიმებს], რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ პირიქით მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ყველა დიდი შეკრება სამედიცინო თუ არასამედიცინო ყოფილიყო ვირტუალური, ალბათ, არ იყო სასურველი ამდენი რაოდენობის ჩემი კოლეგების ერთად შეკრება.

მე დღეს მივიღე მათგან სურათები, რომ იქ ყველა სხდომა იყო სექციური, მაქსიმუმ 50 ადამიანის შეკრებით, დისტანციის დაცვით და პირბადებიის გამოყენებით. ჩემი კოლეგები არიან და მე მჯერა მათი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ალბათ, ჯობდა, რომ ამ ტიპის შეხვედრები ამ დროს იყოს დისტანციური”, – განმარტა გამყრელიძემ.

ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისში” სამედიცინო კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი 2 სექტემბრს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კონფერენციაზე 400-მდე ექიმი იყო შეკრებილი.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ სასტუმროში კორონავირუსზე 924 ტესტი გაკეთდა, მათგან ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი