ახალი ამბები

არ მოგვერიდება სახელის დარქმევა, საიდან განხორციელდა კიბერთავდასხმა – ზალკალიანი

4 სექტემბერი, 2020 • 1194
არ მოგვერიდება სახელის დარქმევა, საიდან განხორციელდა კიბერთავდასხმა – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის აზრით, ჯანდაცვის კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა ლუგარის ცენტრის პარალიზებას ისახავდა მიზნად.

შს სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველ სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვა.

“კატეგორიულად მიუღებელია ის უკანონო ქმედება, რომელიც განხორციელდა ლუგარის ლაბორატორის ცენტრის მიმართ. ეს არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პანდემიის პირობებშიც კი ხორციელდებოდა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ. ეს იყო გამიზნული შეტევა იმისთვის, რომ მოეხდინათ ამ ინსტიტუტის პარალიზება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად ჩვენი საზოგადოების პანდემიასთან ეფექტიანად გამკლავების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ლუგარის ლაბორატორიაა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, სამართალდამცველები მჭიდრო კოორდინაციაში არიან საერთაშორისო პარტნიორებთან და ცვლიან ინფორმაციას.

“არ მოგვერიდება სახელების დარქმევა, თუ საიდან განხორციელდა და ვინ განახორციელა ეს უკონონო ქმედება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვლინდეს ამ უკანონო ქმედების ავტორები და მათ ჰქონდეთ მკაცრი შეფასება”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი