თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 დონას კლასტერთანაა დაკავშირებული. საერთო ჯამში კი, დონას კლასტერი 36 შემთხვევამდე გაიზარდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ეზუგბაიას თქმით, 3 მათგანი დაავადებულ პაციენტთან კონტაქტია, 3- რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელი, 2 შემთხვევა შემოტანილია, აქედან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია. ამასთან, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია. 4 პაციენტზე კონტაქტების და წყაროს მოძიებისთვის ეპიდკვლევა ამჟმადაც მიმდინარეობს.
საქართველოში, 4 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევები 28-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 1 596-ს მიაღწია. ასევე, დღევანდელი მონაცემებით გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი და გამოჯანმრთელებული ადამიანების საერთო რაოდენობა 1 294 გახდა. რაც შეეხება გარდაცვლილების რაოდენობას, კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა.
ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია.