ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ეკლესია ინაშვილის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს

27 აგვისტო, 2020 • 1883
აფხაზური ეკლესია ინაშვილის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს

“აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხევითაც, უარს ამბობს, მიიღოს ხატი, რომელიც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” აფხაზეთში, ილორის ტაძარს რამდენიმე დღის წინ გადასცა.

“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს, აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით, ქართველი დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის ქართული ეკლესიისგან ნაჩუქარ ხატს და უკან უბრუნებს ქართულ ეკლესიას.

აღნიშნული მისია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე შედგა. მსგავსი აქციები დაუშვებელია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებამდე”,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორ და რა ვითარებაში აპირებს აფხაზური ეკლესია ხატის დაბრუნებას, ამასთან დაკავშირებით განცხადებაში საუბარი არ არის.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შტატგარეშე თანამშრომელი, თანაშემწე, თანამდებობიდან გადადგა.

ასლან ბჟანიას შტატგარეშე მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის, ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიით გავრცელდა. თავიდან ლაშა საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს “პატრიოტებთან” შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

“არუაა”, როგორც დე ფაქტო ახალი ხელისუფლების ოპოზიციური ძალა, აცხადებდა, რომ დაუშვებელია საიდუმლო, თუნდაც ჰუმანიტარული სახის, შეხვედრების მოწყობა.

აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას. მეორე – რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და წინა ხელისუფლების [რაულ ხაჯიმბა] მხარდაჭერით სარგებლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი