ახალი ამბები

საქართველო ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა

3 სექტემბერი, 2020 • 1090
საქართველო ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა

საქართველო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, 2020 წლის 3 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სწორედ ამ სხდომაზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო შეუერთდა.

საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი