ახალი ამბები

ვინ და როგორ ადგენს პარტიულ სიებს საქართველოში

6 სექტემბერი, 2020 • 2110
ვინ და როგორ ადგენს პარტიულ სიებს საქართველოში

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება, პოლიტიკურ პარტიებს კი საარჩევნო სიების შედგენა კი ჯერ არ დაუსრულებიათ. როგორ ფორმირდება პარტიული სიები, რა დამსახურებით ხვდებიან მასში ადამიანები და როგორ აისახება ამ პროცესზე საკანონმდებლო ცვლილებები კვოტირების შესახებ? ამ კითხვებით “ნეტგაზეთმა” რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას მიმართა. გამოჩნდა, რომ პოლიტიკური სუბიექტები ამ დროს სხვადასხვა მეთოდით მოქმედებენ.

ჯერ კიდევ გასულ თვეში იყო ცნობილი “გირჩის” მიდგომა, როცა პარტიამ სიის ფორმირებისთვის ონლაინ ხმის მიცემის სისტემა გამოიყენა. სხვა მხრივ, კანდიდატთა შერჩევის მეთოდები მოიცავს როგორც დისკუსიას პოლიტიკური საბჭოების შიგნით, ისე სოციოლოგიურ გამოკითხვებს. მცდელობის მიუხედავად, ვერ გავარკვიეთ, როგორ მოქმედებს ამ დროს “ქართული ოცნება”, ვინაიდან არ გამოჩენილა მსურველი პარტიიდან, რომელიც საკითხზე ნეტგაზეთთან ისაუბრებდა.

“გვინდა, გვყავდეს გამარჯვების კანდიდატები” – “ნაციონალური მოძრაობა”

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ სიის შედგენისას პარტია მერიტოკრატიული პრინციპით მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ სიის წევრები თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ირჩევიან. პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, კანდიდატურები მსჯელობის საგანია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარტიის სამდივნო და პოლიტიკური საბჭო იღებენ.

ბოკუჩავას თანახმად, პროცესში მონაწილეობს როგორც ცენტრალური რგოლი, ისე – რაიონული წარმომადგენლობები.

“სამდივნო უფრო პატარა და მოქნილი მექანიზმია, ის უფრო აღმასრულებელ შტოდ შეგვიძლია, განვიხილოთ. მაგრამ პოლიტსაბჭო,რომელიც გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა და მისი დასტურის გარეშე ვერ მოხდება სიის ფორმირება, ეს არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელშიც შედიან რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და რეგიონული ლიდერებიც”, – აცხადებს ის.

“ნეტგაზეთმა” თინა ბოკუჩავას ასევე ჰკითხა, შეუძლია თუ არა პარტიის რიგით წევრს, თავად დაასახელოს საკუთარი კანდიდატურა და შესაბამის რგოლს განსახილველად წარუდგინოს. მისი თქმით, “ინიციატივა ყველგან მისასალმებელია” და ყველას შეუძლია, ეს გააკეთოს, თუმცა საბოლოო ჯამში, სიის ფორმირება “კონსენსუსური გადაწყვეტილებაა”.

“მიზანი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს თითოეული გადაწყვეტილება, არის გამარჯვება. ეს სიაც უნდა იყოს გამარჯვებაზე ორიენტირებული სია. შეიძლება, ზოგიერთი კანდიდატი განისაზღვროს მისი დამსახურების, სიახლის ეფექტით…

სხვადსხვა კომპონენტია, რომლებიც უნდა განვიხილოთ და ჩამოვყალიბდეთ სიაზე, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას და დააკმაყოფილებს მათ იმედებს”, – ამბობს ბოკუჩავა.

მისივე თქმით, ენმ დააკმაყოფილებს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ყოველი პარტია ვალდებულია, მის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე პირი იყოს განსხვავებული სქესის:

“კანონში ასევე დარჩენილია წამახალისებელი ნორმა, რომელიც ქალების უფრო მაღალ წარმომადგენლობას გულისხმობს. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და მე, როგორც ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელიც იბრძვის ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისთვის, ვიმედოვნებ , რომ იქ უფრო მაღალ სტანდარტს დავაკმაყოფილებთ, ვიდრე სავალდებულო კვოტირებას, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც გააჩნია აბსოლუტურად ყველას”.

მოძრავი სია შედეგების მიხედვით – “ევროპული საქართველოს” პოლიტიკა

სიის შედგენის კუთხით “ევროპული საქართველოს” პოლიტიკა ე.წ. მოძრავი სიის პრინციპს ეფუძნება. როგორც პარტიაში ამბობენ, მნიშვნელობა არ ექნება, სიაში ვინ წინაა და ვინ უკან: არჩევნებზე მიღებულ მანდატებს გადასცემენ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს ამა თუ იმ ოლქში.

150-წევრიან სიაში შესაბამისი რაოდენობის პოზიციებს მაჟორიტარულ ოლქებში პარტიის მიერ დაყენებული კანდიდატები იკავებენ: მაქსიმუმ, მათი რაოდენობა შეიძლება იყოს 30 ადამიანი, ვინაიდან პარლამენტის მიერ ივლისში დამტკიცებული კანონით, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 30 ირჩევა მაჟორიტარული წესით, 120 კი – პროპორციულით.

“[კანდიდატი] იღებს ორ ოლქს და რამდენი ხმა აიღო და პლიუს რამდენი  პროცენტი აიღო, ესენი ერთმანეთზე მრავლდება და კოეფიციენტი დგება. მაგალითად, თუ გავიყვანთ 20 ადამიანს, [შედეგებით] პირველი 20 ვინც იქნება, ის ადამიანები გავლენ.

მაგალითად, მე მაჟორიტარად ვიყრი კენჭს გორისა და კასპის ოლქში… რამდენ ადამიანსაც გავიყვანთ, თუ იმ ტოპ სიაში მოვხვდები, ესე იგი, მე მოვხვდები პარლამენტში. ანუ ჩვენი შედეგები მთლიანად დამოკიდებულია ამომრჩევლის ნებაზე”, – აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თარხნიშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც მაჟორიტარებად კენჭს არ იყრიან, თავად ირჩევენ ოლქებს, რომლებსაც სურთ, რომ წარმოადგენდნენ. მაგალითად, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი მაჟორიტარობის კანდიდატი არ არის, თუმცა ქუთაისისა და წყალტუბოს ერთ-ერთ ოლქს წარმოადგენს. როგორც პარტიაში განმარტავენ, კანდელაკის შედეგები პარტიის მიერ ამ ოლქში მიღებული ხმების მიხედვით დაითვლება.

ადამიანი, რომელსაც სურს, კანდელაკის მსგავსად წარმოადგენდეს რომელიმე ოლქს და სიაში მოხვდეს, ამასთან დაკავშირებით შესაბამის რაიონულ ორგანიზაციას უნდა მოელაპარაკოს და მისი მხარდაჭერის წერილი წარმოადგინოს. შემდგომ, მის კანდიდატურას პარტიის სამდივნო განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილებას სიასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკური საბჭო იღებს.

ლევან თარხნიშვილის მიაჩნია, რომ ამ მოცემულობით, პროცესში თანაბრად მონაწილეობს როგორც “ცენტრი”, ისე რეგიონები.

“ერთი მხრივ, სამდივნო ცენტრს წარმოადგენს, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა დაეთანხმოს ამას რაიონი და მერე უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ, რომელშიც უდიდესი ნაწილი რაიონებს აქვთ. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ [მონაწილეობა] თანაბარია”, – აღნიშნავს ის.

თარხნიშვილის თანახმად, ზემოაღნიშნულ კონკურსში მონაწილეობს ყველა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მათ შორის არიან პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც, მისი თქმით, “მთელ საქართველოში მოძრაობს და ვერ მიეწერებოდა რომელიმე ოლქს” და სერგი კაპანაძე, რომელიც პარტიის შტაბს უდგას სათავეში.

ლევან თარხნიშვილს ასევე ვკითხეთ, როგორ იმოქმედებს პარტია გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ. თარხნიშვილის თქმით, “ქალებს ცალკე კონკურსი ექნებათ და მათ ხმებს ცალკე დაითვლიან, კაცებისას კი – ცალკე”, რაც პარტიის აზრით, “სისულელეა”, თუმცა კანონი ასეთია და მოუწევთ, დაიცვან.

რეგიონალური კვოტები და გამოკითხვა – როგორ ადგენს სიას “სტრატეგია აღმაშენებელი”

“სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელიც გიორგი ვაშაძემ და მისმა პარტნიორებმა ცოტა ხნის წინ დააფუძნეს, ატარებს გამოკითხვებს კარდაკარის პრინციპით. პოლიტიკური პლატფორმის გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტიას ასევე აქვს შედგენილი რეგიონული კვოტები და თუ რამდენიმე ადამიანი შევა სიაში თითოეული რეგიონიდან, ეს გამოკითხვის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

“ამ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ორი ამოცანა აქვს: ერთი, ჩვენი გაკეთებული საქმეების შესახებ მოახდინოს ამომრჩევლის ინფორმირება და ამასთან, განვსაზღვროთ ამომრჩევლის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. რომელი რეგიონიც უფრო მეტ კონტაქტს შეაგროვებს და ამ კონტაქტში უფრო მეტად იქნება პოზიტიური მონაცემები ასახული, რეგიონალური კვოტებით სიის შედგენისას, [მას ექნება უპირატესობა]” – აცხადებს ის.

მანჯგალაძეს მოდელის უკეთ აღსაქმელად მოჰყავს მაგალითი: თუ გამოჩნდება, რომ პარტიის წალენჯიხის წარმომადგენლობამ აგიტაცია ხარისხიანად ჩაატარა, გამოკითხა ყველაზე მეტი ადამიანი და ამ გამოკითხულთაგან ყველაზე პოზიტიური განწყობები პარტიის მიმართ სწორედ აქ გამოვლინდა, სამეგრელოს კვოტიდან წალენჯიხას სიაში ექნება უფრო მეტი ადგილი, ვიდრე დანარჩენ რაიონებს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, აქტივისტების მიერ კარდაკარ გამოკითხვის შედეგად შეგროვილი მონაცემები ონლაინ ბაზაში ერთიანდება და მათი შედეგებიც ამის მიხედვით ითვლება.

პოლიტიკური პლატფორმის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ “სტრატეგის აღმაშენებელი” ზემოხსენებულ რეგიონულ კვოტებს გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებების მიხედვით შეადგენს.

“დემოკრატიულად და არა დახურულ კარს მიღმა” – “ლელოს” გეგმები

“ლელოს” სიის შედგენის საკითხი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელში იქნება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, სიის შედგენის პროცესის დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

“ამ ეტაპზე ხაზს გავუსვამ, რომ დემოკრატიული შიდა მექანიზმი გვაქვს, 17-წევრიანი პოლიტსაბჭო, რომელიც დემოკრატიულად მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ადამიანთა ვიწრო ჯგუფი დახურულ კარს მიღმა.

“ლელო” არის შიდა დემოკრატიაზე დაფუძნებული პარტია. შიდა დემოკრატია არის რთული, მაგრამ აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ პარტიის შიგნით არ მივიღოთ ის პრობლემები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უხვად დაგროვდა”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

პარტიას რაიონული ორგანიზაციები ჯერ არ აქვს დაფუძნებული, თუმცა ჰყავს წარმომადგენლობები და ნაცვლიშვილის თქმით, დისკუსიები მათთან ამ საკითხზეც მიმდინარეობს. სიაში მოსახვედრად აუცილებელ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ის ამბობს:

“არამხოლოდ პარტიული სია, არამედ ადამიანები, რომლებიც ვართ პარტიაში და პოლიტიკური წინა ხაზზე ვდგავართ, ამ ნიშნით ვართ იქ: პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, სიახლის მოტანა პოლიტიკაში. ზოგადად, ეს არის ის ნიშანთვისებები, რომლებიც “ლელოს” ლიდერებს ახასიათებთ”.

მისი თქმით, პარტია გაითვალისწინებს შედეგებსაც, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად ონლაინ სივრცეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგა.

რაც შეეხება კვოტირებას, მისი თქმით, პარტიას ამის პრობლემა არ აქვს და “ლელოს” მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორისაც, სხვა პარტიებთან შედარებით, ყველაზე მეტი ქალია:

“…ვისურვებდი, მეტი ყოფილიყო. თუმცა, ჩვენ ძალიან ვეცადეთ და “ლელო”-სთვის პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროგრამაშიც ქალი ამომრჩევლისთვის ცალკე აქცენტი გვექნება იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის”.

როგორ ადგენენ პარტიულ სიებს ევროპაში

პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას თქმით, ევროპის ქვეყნებში პარტიულ სიებს, ძირითადად, პარტიების ზედა ვერტიკალის წარმომადგენლები ადგენენ. თუმცა, მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები მუდმივად იცვლებიან შიდა არჩევნებით.

“სხვადასხვა ქვეყანაში  სხვადასხვანაირადაა, მაგრამ ჯამში მაინც პარტიის ზედა ვერტიკალი ადგენს ამ სიებს. იშვიათია პროცედურა, რომ მთელი პარტია სიის კონკრეტულ წევრებს ირჩევდეს, პრაიმერზე როგორც ხდება. ასეთი სისტემა მთავარ პარტიებში მე არ მახსენდება.

…თუმცა, ეს ზედა ვერტიკალი, უმეტეს პარტიებში, არჩეულია დემოკრატიული წესით. დელეგატები, პარტიის რეგიონალური ოფისების წარმომადგენლები, წელიწადში ან 2 წელიწადში ერთხელ ირჩევენ პარტიის ლიდერებს: თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ა.შ. შემდეგ უკვე ისინი განსაზღვრას პარტიულ სიას”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ცხადაიას თქმით, აღნიშნული მექანიზმი პრობლემურია საქართველოს დიდი პარტიების შემთხვევაში. ეს კი, ერთი მხრივ, ლიდერობის უცვლელობით არის განპირობებული, მეორე მხრივ კი, პარტიული ერთგულების არასწორი გაგებით, როცა პარტიის შიგნით “ბუნებრივ განსხვავებებს უარყოფენ და ისე წარმოაჩენენ, თითქოს პარტია მონოლითური ერთობა იყოს”.

“აქ მთავარი ის არის, რომ ის, ვინც ადგენს სიას, მუდმივად დემოკრატიული წესით ინიშნება. და არა ისე, როგორც ჩვენთან, როცა მთავარ პარტიებს ორი ლიდერი ჰყავს, რომელიც განაგებს ამ პარტიებს და უგულებელყოფილია დემოკრატიული მექანიზმები.

ეს ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ მმართველ პარტიას ერთი, ყველაზე მსხვილი შემომწირველი ჰყავს, რომელზეც არის დაფუძნებული მისი არსებობა. ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” რაც შეეხება, აქ ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც ოპონენტი არ ჰყავს და პარტიის შიგნით დემოკრატიული არჩევნები რომც ჩატარდეს, მაინც ეს ლიდერი გაიმარჯვებს დიდი ალბათობით. ასე რომ, დიდი აზრი მეტ დემოკრატიას, ამ შემთხვევაში, არ აქვს”, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი