ახალი ამბები

“გირჩმა” გამოაქვეყნა საარჩევნო სია, რომელიც მოქმედ კანონს არ შეესაბამება

31 ივლისი, 2020 • 1925
“გირჩმა” გამოაქვეყნა საარჩევნო სია, რომელიც მოქმედ კანონს არ შეესაბამება

პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” გამოაქვეყნა საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელიც მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობას არ შეესაბამება და, შესაბამისად, არსებული მონაცემებით, ვერც არჩევნებზე დარეგისტრირდება.

მიზეზი არის პარლამენის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული კანონი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. “გირჩის” საარჩევნო სიის ათეულში კი მხოლოდ კაცები არიან.

“გირჩის” ათეული ასე გამოიყურება:

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 15.6 მილიონი GeD (Georgian Dollar) 776 მხარდამჭერი
  2. იაგო ხვიჩია – 13 მილიონი GeD (Georgian Dollar) 588 მხარდამჭერი
  3. ვახტანგ მეგრელიშვილი – 11.9 მილიონი GeD (Georgian Dollar) 438 მხარდამჭერი
  4. ალექსანდრე რაქვიაშვილი – 11.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 171 მხარდამჭერი
  5. ჰერმან საბო – 11.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 453 მხარდამჭერი
  6. ლევან ჯგერენაია – 3.8 მილიონი GeD (Georgian Dollar) 211 მხარდამჭერი
  7. ამირან ტორონჯაძე – 2.2 მილიონი GeD (Georgian Dollar) 12 მხარდამჭერი
  8. ვახტანგ ზენაიშვილი – 1.7 მილიონი GeD (Georgian Dollar) 40 მხარდამჭერი
  9. ალექსანდრე (სანდრო) თარხან-მოურავი – 1.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 15 მხარდამჭერი
  10. გიორგი ლომინაძე – 1.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 48 მხარდამჭერი

“გირჩის” ინფორმაციით, მათ პარტიული სიის ფორმირებისთვის გამოიყენეს ხმის ონლაინ მიცემის სისტება. კერძოდ, “გირჩის” საიტზე დარეგისტრირებულ მხარდამჭერებს შეეძლოთ, პარტიის მიერ შექმნილი ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით ხმა მიეცათ სასურველი კანდიდატითვის.

პარტიის ინფორმაციით, “ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი, რომელებსაც, ჯამში, 131 მილიონი GeD ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი – რაც მეტი ჯედი აქვს “გირჩის” წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი “წონა” აქვს მის ხმას. ასე რომ, “გირჩის” პარტიული სიის შედგენა მერიტოკრატიულ პრინციპებზე დგას.”

იმის გამო, რომ “გირჩი” ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესებას, ისინი ამ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

კითხვაზე, როგორ აპირებენ 31 ივლისს წარმოდგენილი სიის დარეგისტრირებას არჩევნებისთვის, “გირჩის” წევრი ლევან ჯგერენაია პასუხობს:

“პირველად ხდება ასეთი რამ, რომ პარტიულ სიას მართლა ხალხი ადგენს. ჩვენი სია სრულად არის შედგენილი “გირჩის” პარტნიორების და მხარდამჭერების მიერ. ეს ის ადამიანები არიან, რომელსაც ლეგიტიმაცია ხალხმა მისცა.

ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, პარლამენტში სწორედ ის ადამიანები მოხვდნენ, ვისაც პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამოუცხადეს ნდობა. ამაში მოქმედმა სისტემამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ფაქტობრივად, ის “გირჩის” სისტემას თავდაყირა აყენებს და საქმიანობაში უშლის ხელს. საკონატიტუციო სასამართლოში სარჩელიც გვაქვს შეტანილი კვოტირების წინააღმდეგ და ყველანაირად ვდცილობთ, გაუქმდეს პარტიებისთვის დაწესებული ეს შეზღდუვა.”

ლევან ჯგერენაიას თქმით, ცესკოში რეგისტრაციის გასავლელად პარტია ფიქრობს გამოსავალზეც და ასევე იმაზეც, რომ პარლამენტში ის ადამიანები მოხვდნენ, “ვისაც გირჩის მხარდამჭერებმა გამოუცხადეს ნდობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი