ახალი ამბები

“არა-ფობიას” ცესკოს მოუწოდებს, „პატრიოტთა ალიანსის“ სააგიტაციო მასალა შეისწავლოს

3 სექტემბერი, 2020 • 1585
“არა-ფობიას” ცესკოს მოუწოდებს, „პატრიოტთა ალიანსის“  სააგიტაციო მასალა შეისწავლოს

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას” ცესკოს მიმართავს, შეისწავლოს „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიისას გამოყენებული სააგიტაციო მასალა და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ორგანიზაციების განცხადებით, პარტიის საქმიანობა შეიცავს ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს. საუბარია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“ ამგვარი საქმიანობის განხორციელება კი საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის დაშლის საფუძველს წარმოადგენს.

“აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „პატრიოტთა ალიანსის“ ფეისბუქის გვერდზე ანტითურქული ნარატივის შემცველი ვიდეორეკლამები გავრცელდა.  მათში გაკეთებულია განცხადებები თურქეთის მიერ  საქართველოს ტერიტორიის 33%-ის მიტაცებისა და ქართველთა გენოციდის, აგრეთვე, საქართველოსა და ოსმალეთს შორის ისტორიული კონფლიქტის შესახებ.  ვიდეოში ასახული ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით წარმოაჩენს საქართველოს ამჟამინდელ რეალობასა და ისტორიას და ამდენად, მიზნად ისახავს საზოგადეობაში თურქეთის საწინააღმდეგო განწყობების შექმნასა და სიძულვილის გაღვივებას. ამავე მიზანს ემსახურება პარტიის ლიდერების განცხადებებიც.  საგულისხმოა აჭარაში განთავსებული ბანერი, რომელზეც აჭარა, ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, გაწითლებულია, ხოლო იქვე გაკეთებულია წარწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები არ არის ახალი. თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია”,-ნათქვამია განცხადებაში.

კონსტიტუციის გარდა, შუღლის გაღვივებას საარჩევნო კოდექსიც კრძალავს. განცხადების თანახმად, კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.“ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია პარტიას შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს და დააჯარიმოს.

“მართალია, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და  პოლიტიკური გაერთიანების შექმნის უფლება, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას/სანქცირებას, რომელიც ხელყოფს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციით გამყარებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და მთლიანად იმ საფუძვლებს, რაზეც დგას საქართველოს კონსტიტუცია”,-აცხადებენ ორგანიზაციები.

აქედან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ცესკოს მოუწოდებენ, შეისწავლოს „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიისას გამოყენებული სააგიტაციო მასალა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამას გარდა, პოლიტიკურმა პარტიებმა პატივი სცენ დემოკრატიულ ღირებულებებს და წინასაარჩევნო კამპანია თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით განახორციელონ.

განცხადებას ხელს პლატფორმაში შემავალი შემდეგი ორგანიზაციების აწერენ ხელს:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საფარი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

თბილისი პრაიდი

თანასწორობის მოძრაობა

“დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო” – ამ შინაარსის კამპანიას აწარმოებს პატრიოტთა ალიანსი აჭარაში.

პოლიტიკურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“, გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზათისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად არის მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს აწერია: „დაიცავი აჭარა“.

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის პარტიის ახალ ბანერს მოჰყვა მყისიერი შეფასებები:

„სჯობს, თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში“, „ხატს ამოფარებული კრემლის ალიანსის“ დღის წესრიგი – შუღლის გაღვივება, ხალხში ფობიების გაჩენა, ოკუპაციის საფრთხეების შესახებ ისრების სხვა მიმართულებით გადატანა“, – წერენ მოქალაქეები „პატრიოტების“ ბანერთან დაკავშირებით.

„ბათუმელები“ „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გოჩა თევდორაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რას ნიშნავს აჭარის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიის შემოხაზვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მსგავსად, და რისგან იცავენ აჭარას?

„თურქული ექსპანსიისგან, ვერ ხედავთ, ეს პრობლემა რომ დგას აჭარაში“, – ამბობს თევდორაძე. სად ხედავთ თურქულ ექსპანსიას და რაში ხედავთ? – ვკითხეთ მას, რაზეც თევდორაძე ამბობს, რომ „ქალაქის ცენტრში ხედავს“. „რომელიმე შენობა დაგრჩათ, რომელიც საქართველოს მოქალაქის არის? ჩვენი მოწოდებაა, რომ დაიცავი აჭარა თურქული ექსპანსიისგან და ვთვლით, რომ თურქული ექსპანსია მიმდინარეობს აჭარაში“.

თურქეთის რესპუბლიკა ოფიციალურად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და მის საზღვრებს. ამიტომ პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანს ვკითხეთ, თუ რატომ ქმნიან ისინი მტრის ხატს მეზობელი და პარტნიორი სახელმწიფოსგან.

„დავითოღლუს განცხადებები რომ გავიხსენოთ, მარტო აჭარაზე კი არა, გურიაზე ჰქონდა პრეტენზია“, – ამბობს ის.

მას ასევე ვკითხეთ, თუ რატომ აძლიერებენ თურქეთზე თავდასხმებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ და მხოლოდ ამ კონტექსტში, რაც ასევე აძლიერებს რუსულ ნარატივს? –  გოჩა თევდორაძემ არც ამ და არც სხვა კითხვებს პასუხი აღარ გასცა, მობილური გათიშა.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ ხშირად ისმის ბრალდებები, რომ ისინი საქართველოში კრემლის ინტერესებს ატარებენ. ამის ბოლო მაგალითი ცენტრ “დოსიეს” მიერ გამოქევყნებული ჟურნალისტური გამოძიებაა, რომლის მიხედვითაც “პატრიოტებს” რუსეთის ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მოსკოველი პოლიტტექნოლოგები კურირებენ. პატრიოტთა ალიანსში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი