ახალი ამბები

ეს არის რუსეთის მუქარა — ვოლსკის პასუხი რუსი დეპუტატის ბრალდებაზე “ნოვიჩოკთან” დაკავშირებით

3 სექტემბერი, 2020 •
ეს არის რუსეთის მუქარა — ვოლსკის პასუხი რუსი დეპუტატის ბრალდებაზე “ნოვიჩოკთან” დაკავშირებით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, რუსი დეპუტატის, იური შვიტკინის განცხადება არის მუქარა და პოლიტიკური დემარში. საუბარია რუსი დეპუტატის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ მომწამვლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი” საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება.

როგორც ვოლსკი ამბობს, რუსული მხარის მხრიდან მსგავსი ტიპის ბრალდებები წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო “გამძაფრდება”.

“რუსეთმა, მით უმეტეს, მაღალ საექსპერტო დონეებზე, ზუსტად იცის, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება. ეს არის აშკარა პოლიტიკური დემარში, მე ვიტყოდი, მუქარა, ისევე, როგორც ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება, და უნდა მოველოდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს მიმართულება ტრენდი იქნება, კიდევ უფრო გამძაფრებული”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო “რიასთან” განაცხადა, რომ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომლის მსგავსი ნივთიერებით რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს, რუსეთის ტერიტორიაზე არ მზადდება.

“მოდით, იქიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს არ ვაწარმოებთ. არსებული ინფორმაციით, ასეთი მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები აშშ-დან საქართველოშია ჩატანილი, ლაბორატორიაში, და თავად აშშ-ში“, — განაცხადა შვიტკინმა.

გამოცემა “მედუზა” გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

“მედუზის” თანახმად, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები გმობენ პოლიტიკოსის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ფაქტს და რუსეთის ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვენ.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი