ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის ცოლის ინიციატივით, ქალთა სამხედრო წვრთნები გაიმართა

3 სექტემბერი, 2020 • 1580
ფაშინიანის ცოლის ინიციატივით, ქალთა სამხედრო წვრთნები გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლის, პროფესიით ჟურნალისტის, ანა აკოფიანის ინიციტივითა და მონაწილეობით ყარაბაღელი ქალების ჯგუფმა საბრძოლო მზაობის ერთკვირიანი [25-31 აგვისტო] კურსი გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ანა აკოფიანის განცხადებაზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, სამხედრო წვრთნები ყარაბაღში მცხოვრებმა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 15-მა ქალმა გაიარა.

როგორც ანა აკოფიანი აცხადებს, კურსის მიზანი იყო საბრძოლო ცხოვრების გაცნობა და საბრძოლო უნარების შეძენა.

“დარწმუნებული ვარ, არწახზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი არმია, მთელი საზოგადოება დადგება მის დასაცავად – სამხედრო და სამოქალაქო პირები, კაცები და ქალები. მე, ისევე როგორც ბევრი ქალი, დარწმუნებული ვარ, მზად ვარ, ხელში იარაღი ავიღო სამშობლოს და შვილების დასაცავად. მაგრამ ეს არ არის ომის გამო, იმისთვისაა, რომ დავამტკიცოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს ფაშინიანის ცოლი.

საბრძოლო მზაობის კურსი გაიმართა ანა აკოპიანის მიერ ინიცირებული კამპანიის “ქალები მშვიდობისთვის” [Women for Peace] ფარგლებში.

თავად კამპანიის მიზანი კი, როგორც აკოფიანი ამაზე ადრეც საუბრობდა, იმ ქალების გაერთიანებაა, რომლებმაც ძირითადად კაცებისგან უნდა მოითხოვონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

ანა აკოპიანი; ფოტო: ანა აკოპიანის პირადი გვერდიდან

ფოტო: ანა აკოპიანის პირადი გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი