ახალი ამბები

გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ დავალიანებების ჩამოწერა წინასაარჩევნო მანიპულაციას ჰგავს – საია

3 სექტემბერი, 2020 • 898
გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ დავალიანებების ჩამოწერა წინასაარჩევნო მანიპულაციას ჰგავს – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ 31 აგვისტოს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ნაწილს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ არსებული ვალები ჩამოეწერებათ, ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

“ხელისუფლების ინიციატივა, შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი, მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო”, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინიციატივის გასაჯაროება წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეს კიდევ ერთი მანიპულაციაა, რადგან “ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომელიც მას ამ დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებას უკრძალავს”.

თავდაცვის სამინისტრომ 31 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქეებს ჩამოეწერებოდათ გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ 2009 წლიდან არსებული დავალიანებები, რომელთა ხანდაზმულობაც სამი ან მეტი წელია.

სამინისტროს ცნობით, ეს ინიციატივა 1 000-მდე ადამიანს შეეხება, დავალიანებების ჯამური რაოდენობა კი 1 600 000 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი