ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში მოვდივარ – კოკოითი ბიბილოვის აფრთხილებს

3 სექტემბერი, 2020 • 1671
ცხინვალში მოვდივარ – კოკოითი ბიბილოვის აფრთხილებს

ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში მყოფი ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, ცხინვალში მიმდინარე ოპოზიციის მიტინგების ფონზე, აცხადებს, რომ ცხინვალში ბრუნდება. ინფორმაციას ეხოკავკაზა ავრცელებს.

“უახლოეს დროში ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს ინფორმაციას მივაწვდი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევდივარ იმისთვის, რომ სამართალდამცველთა ყველა კითხვას ვუპასუხო”.

მისივე განცხადებით, მას “აქვს სამშობლოში დაბრუნების კანონიერი უფლება” და თუ საჭიროა, კარანტინსაც გაივლის და ტესტებსაც გაიკეთებს.

“შენგან ნებართვის აღებას არ ვაპირებ”, – მიმართა მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ედუარდ კოკოითიმ.

ამასთან, კოკოითიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიბილოვს, თანამდებობიდან გადადგეს.

“წადი ამაყად აწეული თავით და ხალხი ამას გაპატიებს”.

მას შემდეგ, რაც ცხინვალში ანტისახელისუფლებო აქციები დაიწყო, ოპოზიციონერმა ედუარდ კოკოითიმ, რომელიც ბიბილოვის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა, რუსეთიდან ცხინვალში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა არ შეუშვეს.

ცხინვალში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვის დროს, დე ფაქტო შს მინისტრის ავტომანქანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი შემოაკვდათ. იმის მიუხედავად, რომ ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობის გადადგომა დაადასტურა, ის ასევე აცხადებს, რომ დაუშვებელია, „ტრაგედია ვინმეს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი