ახალი ამბები

მერკელი: რუსეთმა უნდა უპასუხოს კითხვებს ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე

2 სექტემბერი, 2020 •
მერკელი: რუსეთმა უნდა უპასუხოს კითხვებს ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლა “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნერვული აგენტით იყო “მკლელობის მცდელობა და რუსეთმა უნდა ახსნას ეს”. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გერმანული ტელეარხი Deutsche Welle.

მედიასაშუალების ცნობით, ანგელა მერკელმა როგორც თქვა, “შოკის მომგვრელია ინფორმაცია, რომელიც ეჭვგარეშედ აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნის მოწმავლა იყო მკვლელობის მცდელობა ნერვული აგნეტის გამოყენებით”. გერმანიის კანცლერის ეს განცხადება მოჰყვა გერმანიის სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის დასკვნას.

მერკელი ამბობს, რომ “ნავალნი გახდა დანაშაულის მსხვერპლი, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო”.

Deutsche Welle-ს ცნობით, მერკელმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული შემთხვევა “აჩენს სერიოზულ კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემა მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მან ეს პასუხი უნდა გასცეს.”

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მარია ზახაროვა და დმიტრი პესკოვი აცხადებენ, რომ გერმანიის მთავრობის დასკვნა ნავალნისთან დაკავშირებით მტკიცებულებებს არის მოკლებული. ისინი ენდობიან რუსი ექიმების დასკვნას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ნავალნი მოწამლული არ არის.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, “შარიტეს” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკამ და მოგვიანებთ, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი