ახალი ამბები

სასტუმრო “ოაზისიდან” 400-მდე ექიმი კარანტინსა და თვითიზოლაციაში განაწილდება – ტიკარაძე

2 სექტემბერი, 2020 • 1869
სასტუმრო “ოაზისიდან” 400-მდე ექიმი კარანტინსა და თვითიზოლაციაში განაწილდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისში”, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა, 400-მდე ექიმი იმყოფებოდა კონფერენციაზე.

ამის შესახებ ტიკარაძემ განაცხადა წყალტუბოში, დევნილებისთვის ბინების გადაცემისას.

“სასტუმრო გარკვეული პერიოდით ჩაიკეტება, დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა და ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით გადანაწილდნენ შემდეგ თვითიზოლაციაში და კარანტინში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ჩატარებული კონფერენციის მონაწილეს კორონავირუსი დღეს, 2 სექტემბერს დაუდასტურდა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში განაცხადა, რომ “ოაზისის” სტუმარს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან. მას სიმპტომები გამოუვლინდა სასტუმროში, კონფერენციაზე დასწრებისას:

“სასტუმრო “ოაზისში” მიმდინარეობს ჩემი კოლეგების კონფერენცია და იქ ერთი ადამიანი იყო საეჭვო, რომელსაც სიმპტომები ჰქონდა და იყო კონტაქტირებული ინფიცირებულთან. ამიტომ ის გაიტესტა და ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დადასტურდა ინფექცია. ალბათ, ჩატარდება მასობრივი გამოკვლევა ადამიანების. პირველ რიგში, ახლო კონტაქტების გამოკვლევა და მათი იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანა”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი