გამოცემა “მედუზა” გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.
“მედუზის” თანახმად, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები გმობენ პოლიტიკოსის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ფაქტს და რუსეთის ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვენ.
ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.
მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.
22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.