ახალი ამბები

თბილისში სურსათის მაღაზიის თანამშრომლებს Covid-19 დაუდასტურდათ

2 სექტემბერი, 2020 • 1323
თბილისში სურსათის მაღაზიის თანამშრომლებს Covid-19 დაუდასტურდათ

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის წინ მდებარე მაღაზია “ნიკორაში”. ამის შესახებ გამყრელიძემ “ტელეკომპანია პირველზე” საუბრისას განაცხადა.

“დღევანდელი 7 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტიდან 2 არის ერთ-ერთი სასურთო მაღაზიის ქსელის თანამშრომელი. არაფერი პრობლემა არ არის, დავასახელებ მაღაზიას იმიტომ, რომ მათ დაუყოვნებლივ გაატარეს ზომები, შეცვალეს მთლიანად იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები. ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მაღაზია “ნიკორა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის ამ დრომდე რეკორდული მაჩვენებელია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით აქედან 22 შემთხვევა ბათუმში მდებარე საკონდიტრო “დონასთან” არის დაკავშირებული.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

გუშინ დილითვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინა ტესტირება. კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი