ახალი ამბები

ბაქრაძის „პრობლემური“ კომენტარი აჭარელ მუსლიმებზე და განმარტება

2 სექტემბერი, 2020 • 1187
ბაქრაძის „პრობლემური“ კომენტარი აჭარელ მუსლიმებზე და განმარტება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ქართველი, აჭარელი მუსლიმები „ისტორიული ბედუკუღმართობის გამო“ გახდნენ იძულებულნი, ისლამი მიეღოთ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, კონტექსტის გათვალისწინებით, ამ განცხადებას პრობლემურს უწოდებს — ისეთივე „მესიჯს“, რის საპასუხოდაც ბაქრაძე საუბრობდა.

„ბედუკუღმართობის გამო გახდნენ იძულებულნი“

დავით ბაქრაძე 31 აგვისტოს ტვ პირველის ეთერში, წამყვანის კითხვაზე პასუხად, „პატრიოტთა ალიანსთან“ და მის ბანერთან დაკავშირებით საუბრობდა [„პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე აჭარა წითლად იყო მონიშნული, როგორც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი] და პარტიას აკრიტიკებდა. მან განაცხადა, რომ ეს ბანერი დამაზიანებელი იყო ქართული სახელმწიფოსთვის და დასძინა:

„ყველას უნდა ესმოსდეს, რომ საქართველოს ორგანიზმის სიძლიერე არის ჩვენი ორგანიზმის ერთიანობაში. როგორც კი შენ საქართველოს ორგანიზმის დაჩეხვას იწყებ სხვადასხვა ნიშნით, შენ ასუსტებ ქართულ სახელმწიფოს. როგორც კი გამოდიხარ და იძახი, რომ ჩვენი ქართველი მუსლიმების თემი არ არიან ბოლომდე ჩვენნაირი ქართველები, იმიტომ, რომ მუსლიმები არიან, ეს პირდაპირ ურტყამს შენს სახელმწიფო ინტერესს, იმიტომ, რომ ის მუსლიმთა თემი არიან ზუსტად ისეთივე ქართველები, როგორიც მე და თქვენ“. ამის შემდეგ ბაქრაძემ თქვა:

„მე აჭარაში ერთი კვირა გავატარე წინა კვირაში შეხვედრებზე და ძალიან ღრმა გულისტკივილი დავინახე ადამიანებში. შეხვედრაზე მეუბნებოდნენ ქართველი მუსლიმები, იცით, ჩვენ ქართველები ვართ, რატომ გვაიძულებთ, თავი ვიმართლოთ, რომ ქართველები ვართ, რატომ გვტკენთ გულს?! რატომ ვტკენთ გულს ამ ადამიანებს?! ვის აქვს უფლება? რა უფლება აქვს თარხან-მოურავს ან ინაშვილს, ან თქვენ ან მე, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ისტორიული ბედუკუღმართობის გამო გახდა იძულებული, რომ მიეღო ის სარწმუნოება [ისლამი], ამის გამო წითლად უნდა გამოვყოთ რუკაზე და ისრით ვაჩვენოთ, რომ ეს პრობლემაა“?!

ბაქრაძემ ასევე თქვა, რომ „ქართული სახელმწიფოს ძალა არის განსხვავებულობაში და ერთიანობაში და ის მუსლიმი თემი, ისევე, როგორც ყველა სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი, ყველანი ერთად ვართ საქართველოს ნაწილი“.

„როგორც კი რომელიმე პოლიტიკური პარტია იწყებს ამის გამოყოფას, გამოხლეჩას და პრობლემის შექმნას, ის პარტია ასუსტებს სახელმწიფო ორგანიზმს“, – განაცხადა ბაქრაძემ 31 აგვისტოს ტვ პირველის ეთერში.

„ბედუკუღმართობა არ ეხება მრწამსის არჩევანს“

მოგვიანებით, პირველ სექტებერს ბაქრაძემ ფეისბუკზე ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ „საუბრის კონტექსტი შეეხებოდა საქართველოს ისტორიის იმ რთულ და უმძიმეს მონაკვეთს, როდესაც ჩვენი სამშობლოს დიდი ნაწილი, მათ შორის – აჭარაც, დაპყრობილი იყო ძლიერი და აგრესიული მეზობელი იმპერიის მიერ“.

მან ასევე დაწერა, რომ „ძლიერ დამპყრობლებთან მუდმივი ბრძოლა იყო ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობაც და, ამავე დროს, ჩვენი ისტორიული სიამაყეც ჩვენი სამშობლოს გმირული წარსულის გამო“, მაგრამ განმარტა, რომ „ამ ტერმინს არავითარი შეხება არ აქვს ადამიანების პირად არჩევანთან და სიტყვა „ბედუკუღმართობა“ არ ეხება ამა თუ იმ ადამიანის მრწამსის არჩევანს არც ადრე, არც ახლა და არც მომავალში“.

„ეს სიტყვა მხოლოდ ჩვენს ისტორიულ და დაუსრულებელ ბრძოლებს აღწერს სხვადასხვა, ჩვენზე მძლავრ და აგრესიულ მეზობელ იმპერიებთან“, – დაწერა ბაქრაძემ.

„ქართველ მუსლიმთა თემი ჩვენი საზოგადოების ღირსეული ნაწილი, ჩვენი სისხლი და ხორცია და მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება სრულიად ცალსახად ჩანს გუშინდელ ინტერვიუშიც და უამრავ სხვა საჯარო გამოსვლაშიც – დიახ, არავის აქვს უფლება, მათ გული ატკინოს და საქართველოს მიმართ მათი სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს; დიახ, ისინი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები არიან; დიახ, უპასუხოსმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით მანიპულირება აზიანებს და ანგრევს ქართული სახელმწიფოს ერთიანობას“, – წერია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„განმარტება დამაკმაყოფილებელია“ – ნაკაიძე

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ტარიელ ნაკაიძეს, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ რამდენიმე კვირის წინ ხელვაჩაური-ხულო-ქედა-შუახევის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა და ჰკითხა, რას ფიქრობდა ბაქრაძის კომენტარზე, რაზეც მან გვიპასუხა:

„შესაბამისად, მან დააზუსტა ის, რისი თქმაც უნდოდა, რაც გამოქვეყნდა შემდგომ მის პირად გვერდზე“. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, დამაკმაყოფილებელია თუ არა მისთვის ეს განმარტება, გვიპასუხა: „რა თქმა უნდა. ის რასაც გულისხმობდა, დააზუსტა“…

„უადგილო“

TDI-ის გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მართალია, ბაქრაძე აჭარელი მუსლიმი თემის წინაშე არსებულ პრობლემაზე საუბრობდა და თემსა და თანასწორუფლებიანობაზე დადებით კონტექსტში ლაპარაკობდა, „ბედუკუღმართობაზე“ საუბარი ამ კონტექსტში უადგილო იყო:

„იმ კონტექსტში, როცა ის სწორედ იმ პრობლემაზე საუბრობდა, — რომ პრორუსული, კრემლის ძალა ცდილობს, წარმოაჩინოს აჭარა თურქეთის გავლენის ქვეშ და წარმოაჩინოს, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, — მისგანაც ამ ისტორიულ პარალელზე არ უნდა გაკეთებულიყო აქცენტი. მას უნდა ესაუბრა მხოლოდ თანასწორუფლებიანობაზე მუსლიმი მოქალაქეების“.

მაკო ღავთაძის შეფასებით, ბაქრაძემ, ფაქტობრივად, „ის მესიჯი გაიმეორა, რის საპასუხოდაც საუბრობდა“.

„რა თქმა უნდა არანაირ პარალელს არ ვავლებ ბაქრაძესა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის … უბრალოდ მისი ნათქვამი არ იყო სწორი… არასწორ დროს და არასწორ კონტექსტში მოიყვანა ეს პარალელი და შემდგომი განმარტებაც, სამწუხაროდ, არ მოიცავდა აღიარებას, რომ ეს არ იყო სწორად ნათქვამი“, – ამბობს ღავთაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი