ახალი ამბები

ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება

2 სექტემბერი, 2020 • 3174
ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, მთავრობა ბათუმში საკარანტინო ზომებს არ შემოიღებს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ბათუმში ამ დროისთვის ბევრი ადამიანი ისვენებს, ამიტომ ბულვარში და სხვა წერტილებში “გასაძლიერებელია ტესტირება”.

დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით აქედან 22 შემთხვევა საკონდიტრო “დონასთან” არის დაკავშირებული.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

გუშინ დილითვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინა ტესტირება. კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი