ახალი ამბები

“22 შემთხვევა “დონას” კლასტერიდანაა, კონტროლი უნდა გამკაცრდეს” – ეზუგბაია

2 სექტემბერი, 2020 •
“22 შემთხვევა “დონას” კლასტერიდანაა, კონტროლი უნდა გამკაცრდეს” – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში საკონდიტრო „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება, 7 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, 4 – შემოტანილი შემთხვევა, 5-ის ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით კი კვლევა მიმდინარეობს.

“16 აპრილის მერე ეს არის ყველაზე მაღალი მატების მაჩვენებელი. მართალია, ამ მატების ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია “დონა” გახლავთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ახალი წყარო ზუსტად გვეუბნება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ და რეგულაციები შევასრულოთ. საუკეთესო საშუალება თავის დაცვის არის დისტანცირება და პირბადე”, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ “უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები თავშეყრის ადგილებში”.

“ძირითადად კონტროლის გასამკაცრებელია თავშეყრის ადგილებში – სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი და სადაც შესაძლებელია, 10 კაცზე მეტი შეიკრიბოს. დისტანცირება, სადაც შეუძლებელია, სავალდებულოა პირბადეების ტარება და ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელონ შესაბამისმა სამსახურებმა”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

ბოლო 24  საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 1 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი