ახალი ამბები

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 სექტემბერი

2 სექტემბერი, 2020 • 1035
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 სექტემბერი

ბოლო 24  საათში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 1 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების უმეტესობა ე.წ. დონას კლასტერს უკავშირდება.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

გუშინ დილითვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინა ტესტირება. კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი