ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” ეკონომიკური გეგმა და სლოგანი წარადგინა

1 სექტემბერი, 2020 • 1620
“ევროპულმა საქართველომ” ეკონომიკური გეგმა და სლოგანი წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ფოთში წარადგინა საკუთარი ეკონომიკური გეგმა და სლოგანი – “შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის”.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია ეკონომიკურ გეგმას წარადგენს “ხალხთან ხელშეკრულების” პრინციპით. პარტია მოქალაქეებს დაურიგებს ბუკლეტებს, სადაც პარტიის ლიდერების ხელმოწერებია, მოსახლეობას კი სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს საკუთარი ხელმოწერაც დატოვოს.

“ევროპული საქართველოს” განმარტებით “ხელშეკრულებაში შესულია ყველა ის კომპონენტი, რომლის შესრულების ვალდებულებასაც “ევროპული საქართველო” გამარჯვების შემთხვევაში დეკლარილებულად აპირებს”.

პარტიის ეკონომიკური გეგმის მიხედვით, მათი ძირითადი მიმართულებებია:

  • ბიუროკრატიული ხარჯების 2 მილიარდით შემცირება;
  • პენსიების, სოციალური და დევნილთა დახმარებების გაორმაგება;
  • საპენსიო ანაბრების დაბრუნება;
  • მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწების, საწარმოების, ტყეების და საძოვრების ხალხისთვის გადაცემა;
  • სოფლებში გზისა და წყლის პრობლემების მოგვარება;
  • ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს გაფართოება, შერიფებისა და მოსამართლეების არჩევითობის შემოღება და კრიმინალის დამარცხება.

პარტიის განმარტებით, გადასახადების შემცირების შედეგად 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ოჯახებს კი წელიწადში საშუალოდ 2 000 ლარზე მეტი დარჩება.

რაც შეეხება სლოგანს, “ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ “ივანიშვილის დამარცხების შემდეგ საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ამისათვის კი სწორი კომპასია საჭირო, რომელიც სწორ  მიმართულებას აჩვენებს”. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილებების სურვილი არ ნიშნავს, რომ “ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ყველაფერი ავტომატურად კარგად იქნება”, ამიტომ, პარტიის განმარტებით, საჭიროა ხელისუფლების ისე შეცვლა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი