ახალი ამბები

ევსაქები “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავენ

1 სექტემბერი, 2020 • 1384
ევსაქები “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავენ

“ევროპული საქართველო” “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ 30 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში საკონსტიტუციოს მიმართავენ და “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ:

“დღეს ვაყენებთ ინიციატივას, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმოწერებით და ამისთვის საკმარისია პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერა, და მოვითხოვოთ “პატრიოტთა ალიანსის” მოხსნა არჩევნებიდან. ჩვენი 20 ხელმოწერა იქნება და დანარჩენი ხელმოწერებისთვის მივმართავთ უმრავლესობას, დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები. და თუ ეს გუნდი არ არის მათი გაგრძელება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მოხსნან “პატრიოტთა ალიანსი” არჩევნებიდან”, – ამბობს ირმა ნადირაშვილი.

? “თქვენ, “ქართული ოცნება”, მთლიანად ხართ პასუხისმგებელი იმ ძალის პარლამენტში არსებობაზე, რომელიც სრულად ატარებს სახელმწიფოს მტრის ინტერესებს”, – ირმა ნადირაშვილი

Posted by ევროპული საქართველო on Tuesday, 1 September 2020

“პატრიოტთა ალიანსს” პარტიის წევრები კრემლის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. უკანასკნელ რამდენიმე დღეში რუსი ბიზნესმენის და ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტურ პლატფორმა “დოსიეზე” “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ ორი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა.

“დოსიემ” გამოაქვეყნა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური ხარჯთაღრიცხვა, წინასაარჩევნო მეთოდური და ოპერატიული შეჯამება (რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის) რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის, საგარეო დაზვერვის სამსახურის მივლენილი გენერლის, ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან.

დოკუმენტებში საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო ბიუჯეტზე 8 430 625 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. “დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს” მომსახურებას უწევს კომპანია POLITSECRETS და პოლიტექნოლოგი სერგეი მიხეევი, თვითონ მიხეევს კი კურატორობენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი, ФСБ-ის სათადარიგო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და ГРУ-ის ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში კი საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ და გაწერილია თეზისები ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას პრესკონფერენციისთვის ამ საკითხზე.

გამოძიების თანახმად, ინაშვილსა და ლომიას უნდა ეთქვათ, რომ ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო, ასევე, ესაუბრათ სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და ნეიტრალიტეტზე, როგორც მორიგი დამღუპველი ომის თავიდან აცილების გზაზე.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტური გამოძიებას სიცრუეს უწოდებს. ინაშვილის თქმით, არავითარი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის შენობის პიკეტირებას აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, როდესაც პარლამენტი არ მუშაობს.

ვრცლად წაიკითხეთ:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი