ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის მანქანის საბურავებზე ბუქსირების კვალი არ აღმოჩნდა — პროკურატურა

1 სექტემბერი, 2020 • 719
ბაჩალიაშვილის მანქანის საბურავებზე ბუქსირების კვალი არ აღმოჩნდა — პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად საბურავებზე ბუქსირების კვალი არ აღმოჩნდა.

ბაჩალიაშვილის მანქანა გუშინ, 31 აგვისტოს, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ,,ჰიუნდაი აუტო საქართველოს” წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ,  ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent’’-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ. პულტით, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრომოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი.

“ასევე, დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა. გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ ის არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა როგორც ადგილმდებარეობის, ასევე, ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.

რაც შეეხება საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა ინფორმაციას, რომელიც ავტომობილთან არის დაკავშირებული, პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს არ სჯერა მისი თვითმკვლელობის ვერსიის და არ ენდობა გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი