ახალი ამბები

წალენჯიხაში ტრაქტორი გადაბრუნდა – ერთი ქალი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

1 სექტემბერი, 2020 • 926
წალენჯიხაში ტრაქტორი გადაბრუნდა – ერთი ქალი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

პირველ სექტემბერს წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში, ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად 60 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

მისი გარდაცვალება „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და წალენჯიხის მერიაში დაუდასტურეს.

ანზორ შეროზიამ, სოფელ საჩინოში წალენჯიხის მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, ტრაქტორზე, რომელიც თხილით იყო დატვირთული, ქალები და ერთი 15-16 წლის ბიჭი ისხდნენ. ისინი მეზობელს ეხმარებოდნენ თხილის შეგროვებაში;

მისი თქმით, აღმართზე ასვლისას ტრაქტორს საბურავი მოსძვრა, გადაბრუნდა და ერთი ადამიანი — 60 წლამდე ასაკის ქალი — ადგილზე დაიღუპა. მერის წარმომადგენლის ცნობით, 4 დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი