ახალი ამბები

ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნა არასერიოზულია — ვოლსკი “პატრიოტთა ალიანსზე”

1 სექტემბერი, 2020 • 1471
ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნა არასერიოზულია — ვოლსკი “პატრიოტთა ალიანსზე”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან  მოხსნა “ფურცლის” გამო  არასერიოზულია.

მისი თქმით, იმისათვის, რომ პარტია არჩევნებიდან მოიხსნას, “სერიოზული მსჯელობაა” საჭირო.

“პატრიოტთა ალიანსის” ადვოკატი ვერც წარმომიდგენია დღეს, საგარეო კურსის გამო, იმ საკითხების მიმართ დამოკიდებულების გამო, რაზედაც ჩვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს. მაგრამ ერთი ფურცლის გამო [არჩევნებიდან] მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია. ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა უნდა იყოს და მოკვლევა და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები”, — განაცხადა ვოლსკიმ.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტურმა პლატფორმამ “დოსიემ” დოკუმენტები გამოაქვეყნა „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსებაზე, ოპოზიციური პარტიების ნაწილი “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს.

“დოსიემ” დოკუმენტები [რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის],  გასულ კვირას გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის პრეზიდენტის ფონდთან და უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

“დოსიეს” თანახმად, საქართველოში, სადაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, როგორც ჩანს, კრემლი ფსონს დებს “პატრიოტთა ალიანსზე”, რომლის წევრები აქტიურად აკრიტიკებენ ნატო-სა და შეერთებულ შტატებს. „დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700,000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5- მლნ-იან ბიუჯეტზე, რომლის წარმომავლობა დადგენილი არ არის.

ამასთან, გასულ კვირას აჭარაში გამოჩნდა “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერები, რომელზეც, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, საქართველოს რუკაზე აჭარაც წითლად იყო აღნიშნული. ბანერზე ეწერა: „დაიცავი აჭარა“. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული “ბოკერია-სააკაშვილის პროვოკაცია იყოს”. მისი თქმით, ბანერები „სრულიად განსხვავებული სახით“ იყო შერჩეული, — „ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos“. მოგვიანებით ბანერები მუნიციპალურმა სამსახურმა ჩამოხსნა, განაცხადა რა, რომ რეკლამა უნებართვოდ განთავსდა.

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი