ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კოკოითი ბიბილოვს ემუქრება, რომ ცხინვალში წნელისის გავლით ჩავა

31 აგვისტო, 2020 • 1594
კოკოითი ბიბილოვს ემუქრება, რომ ცხინვალში წნელისის გავლით ჩავა

ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი და ამჟამად ოპოზიციონერი, დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ემუქრება და ურჩევს, თანამდებობიდან გადადგეს.

მას შემდეგ, რაც ცხინვალში ანტისახელისუფლებო აქციები დაიწყო, ოპოზიციონერმა ედუარდ კოკოითიმ, რომელიც ბიბილოვის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა, რუსეთიდან ცხინვალში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა არ შეუშვეს.

“თხოვნით მოგმართავ. ეს არ არის ულტიმატუმი. შენ იმის მიღწევა გინდა, რომ სამხრეთ ოსეთში არ დავბრუნდე და ამას ვერ მიაღწევ. მე ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში. თუ შენ ასე ძალიან გეშინია ამის, სიტყვას გაძლევ, არ ჩამოვალ, თუკი შენ 31 აგვისტოს, 12:00 საათზე გადადგები და ოს ხალხს არ აწვალებ”.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ფეხით, წნელისის მთებით ჩავა სამხრეთ ოსეთში, რადგან ‘”ბიბილოვმა თავის დროზე ვერ დაიცვა წნელისი ქართველებისგან”.

“მეგონა, არ გვყავდა სამხრეთ ოსეთში ქვედანაყოფები, რომლებიც ქართველებამდე ავიდოდნენ იმ სიმაღლეზე და დაიკავებდნენ მას, რადგან ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ტერიტორიაა. გუშინ კი ვნახე, რომ თურმე იმდენი ქვედანაყოფი გვყოლია, რომლებიც გაყარეთ გარეთ იმისთვის, რომ არ შემომიშვათ სამხრეთ ოსეთში. მაგრამ მშვენივრად იცი, რომ მონადირე ვარ და სიარული არ მიჭირს, ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ჩამოვალ წნელისის გავლით. იმ სიმღლეზე ავალ, სადაც ქართველები არიან. იმედი მაქვს, იქ მაინც გამოგზავნი დანაყოფს და ერთად გავათავისუფლებთ ამ ჩვენს მიწას”, – მიმართავს კოკოითი ბიბილოვს.

ცხინვალში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვის დროს, დე ფაქტო შს მინისტრის ავტომანქანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი შემოაკვდათ. იმის მიუხედავად, რომ ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობის გადადგომა დაადასტურა, ის ასევე აცხადებს, რომ დაუშვებელია, „ტრაგედია ვინმეს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი