ახალი ამბები

სახალხო დამცველი ბაჩალიაშვილების ოჯახთან შეხვედრას აპირებს

31 აგვისტო, 2020 • 1139
სახალხო დამცველი ბაჩალიაშვილების ოჯახთან შეხვედრას აპირებს

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალები ხელმისაწვდომი ამ დრომდე არ არის. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, საქმის მასალების გადაცემის შესახებ მოწოდება სახალხო დამცველმა არაერთხელ გაახმიანა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს, მათთან შეხვედრას აპირებს.

“მე ვხედავ, რომ ოჯახი გამოძიების მისამართით სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება [ოჯახთან] შეხვედრა, ალბათ, იქ იქნება ადვოკატიც, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბროთ. სახალხო დამცველსაც აქვს თავისი ლიმიტები მანდატის”, —  განაცხადა ლომჯარიამ.

დღეს, 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ექსპერტიზას უტარებენ.

გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და საზოგადოების წევრებმა ორთაჭალაში, პროკურატურის ოფისთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ბაჩალიაშვილის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვდნენ.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს: „ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“.

პროკურატურა ასევე წერს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების, „ფეისბუქის“ და „გუგლის“, ადმინისტრაციებს მიმართეს თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს არ სჯერა მისი თვითმკვლელობის ვერსიის და არ ენდობა გამოძიებას.

განახლება:

ომბუდსმენის განცხადებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ  და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს  საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს”, — აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი