ახალი ამბებისამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია პროკურატურასთან

30 აგვისტო, 2020 • 1288
ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია პროკურატურასთან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები ორთაჭალაში პროკურატურის ოფისთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ბაჩალიაშვილის საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მოთხოვნაა გამოძიებამ მოიპოვოს და გამოაქვეყნოს სატელიტური ანტენებიდან გადაღებული სურათები, რომელიც დაადასტურებს, იდგა თუ არა ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილას 4 დღის განმავლობაში, სადაც ის საბოლოოდ იპოვეს.

გარდა ამისა, ოჯახის მოთხოვნაა რომ ამ სურათებიდან გამომდინარე გადაკვალიფიცრდეს გამოძიების მუხლი: თვითმკვლელობამდე მიყვანიდან – მკვლელობამდე. მისივე თქმით, ამის შემდეგ უნდა დასახელდნენ მკვლელები.  ის საუბრობს საქმეში “3 მაღალჩინოსნის” მონაწილეობის თაობაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია მანამდე მედიაში გავრცელდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები, თეონა თამაზაშვილი და ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოძიებაში FBI-ის ჩართვასაც ითხოვენ.

კითხვები აქვს ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილსაც. პროკურატურამ 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს, 18 ივლისს, უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან გადაადგილდებოდა, თუმცა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან და მალევე სხვა მხარეს გადაუხვიეს და შავნაბადის საწვრთნელ ბაზაზე შევიდნენ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, შავნაბადის ბაზიდან არსებობს „საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელათი უკავშირდება მაწევანს“.  მისი თქმით, „არის მარტივი გადასასვლელი გზა და ჯიპებს შეეძლოთ ჩასულიყვნენ [შეხვედრის ადგილას]“.

„ამიტომ ოჯახის მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწერი, სადაც გამოჩნდება, თუ რომელ საათზე, რა დროს გამოდიან ეს ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდის, რამდენ ხანს რჩება“, – განუცხადა 27 აგვისტოს მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ისინი ამბობდნენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, 23 აგვისტოს კი დედამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მისი შვილი მოკლეს.


პროკურატურა აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს: „ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“.

პროკურატურა ასევე წერს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართეს თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი