ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრის აპარატი ეხმაურება ცხინვალის იზოლატორში ჯაბიევის სავარაუდო მკვლელობას

29 აგვისტო, 2020 • 835
მინისტრის აპარატი ეხმაურება ცხინვალის იზოლატორში ჯაბიევის სავარაუდო მკვლელობას

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ეხმაურება ცხინვალის იზოლატორში ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, ცემით მოკვლის ფაქტს.

აპარატი „გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით“.

„28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის – ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მაცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა“, – წერია აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ძალისხმევას, რათა მოსახლეობას მიეცეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა“, – წერია განცხადებაში.

„ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები“, – წერს მინისტრის აპარატი.

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი