ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„დამნაშავეები დააკავეს“ – დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ჯაბიევის საქმეზე

29 აგვისტო, 2020 • 1006
„დამნაშავეები დააკავეს“ – დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ჯაბიევის საქმეზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ალან თადტაევი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიება მიმდინარეობს და „დანაშაულში მონაწილე თანამშრომლები დააკავეს“.

ამ წუთებში დე ფაქტო პარლამენტის მეორე საგანგებო სესია მიმდინარეობს, სადაც დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. სესია ჯერ არ დასრულებულა.

როგორც დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, სესიაზე თადტაევმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება „დანაშაულში მონაწილეთა დასჯის შესახებ“.

28 აგვისტოს დღის საათებში ფეისბუკზე სწრაფად გავრცელდა, სავარაუდოდ, ცემით მოკლული კაცის, ინალ ჯაბიევის ფოტოები. ცხინვალში მცხოვრებლები წერდნენ, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ.

მისი გარდაცვალება ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ დაადასტურა, დე ფაქტო შს მინისტრს დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება და განაცხადა, რომ რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და „ყველა დამნაშავე დაისჯება“.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა კაცი დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, ცხინვალში საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო, რასაც დე ფაქტო პრემიერის გადადგომა მოჰყვა.

„ნეტგაზეთის“ მოკლე მიმოხილვაში წაიკითხავთ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას:

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი