ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობამ გენ. პროკურორის გადადგომა მოითხოვა

29 აგვისტო, 2020 • 1026
დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობამ გენ. პროკურორის გადადგომა მოითხოვა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მეორე საგანგებო სესიაზე დეპუტატების უმრავლესობამ, — 36 წევრიდან 22-მა — ხელი მოაწერა მიმართვას ანატოლი ბიბილოვის სახელზე, რითაც დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის დათხოვნას მოითხოვენ.

[განახლება: დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მიმართვას ხელს არა 22, არამედ 25 დეპუტატი აწერს]

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის სათანადოდ შესრულებაზე არასათანადო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია დაკავებული მოქალაქის, ინალ სერგეის ძე ჯაბიევის გარდაცვალება, მოვითხოვთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადაყენებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ისინი ხელს აწერენ.

ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე გამოცემის თანახად, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ალან თადტაევი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიება მიმდინარეობს და „დანაშაულში მონაწილე თანამშრომლები დააკავეს“. სესიაზე თადტაევმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება „დანაშაულში მონაწილეთა დასჯის შესახებ“.


28 აგვისტოს დღის საათებში ფეისბუკზე სწრაფად გავრცელდა, სავარაუდოდ, ცემით მოკლული კაცის, ინალ ჯაბიევის ფოტოები. ცხინვალში მცხოვრებლები წერდნენ, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ.

მისი გარდაცვალება ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ დაადასტურა, დე ფაქტო შს მინისტრს დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება და განაცხადა, რომ რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და „ყველა დამნაშავე დაისჯება“.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა კაცი დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, ცხინვალში საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო, რასაც დე ფაქტო პრემიერის გადადგომა მოჰყვა. დემონსტრანტები ბიბილოვის და ჯაგაევის გადადგომასაც ითხოვდნენ.

„ნეტგაზეთის“ მოკლე მიმოხილვაში წაიკითხავთ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას:

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი