ახალი ამბები

პროკურატურამ სამშენებლო კომპანიის ოთხ წარმომადგენელს თაღლითობისთვის ბრალი წარუდგინა

28 აგვისტო, 2020 •
პროკურატურამ სამშენებლო კომპანიის ოთხ წარმომადგენელს თაღლითობისთვის ბრალი წარუდგინა

დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება ოთხ პირს წარუდიგნა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 30 ნოემბერს თ.ზ-მ დააფუძნა სამშენებლო კომპანია შპს “დელუქს ისანი” და 2018 წლის დასაწყისში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დაიწყო. ამავე წლის იანვარშიკომპანიის მთლიანი ქონება პირველი ხარისხის იპოთეკით დატვირთვეს, რის შემდეგაც თ.ზ-მ, ლ.ს-მ და ლ.ბ-მ მოქალაქეებთან გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულებები,რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო, თუმცა ამ პერიოდში ქონება უკვე დატვირთული იყო იპოთეკით.

“ამასთანავე, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან თ.ზ-მ და ლ.ს-მ უძრავი ქონება დატვირთეს მეორე რიგის იპოთეკით, რის შედეგადაც, მათ მეორე რიგის იპოთეკარებთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადები დაარღვიეს. თ.ზ-მ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით კომპანია შპს „დელუქს-ისანი“ თავის მეგობარ თ.ჯ-ზე გაასხვისა

შპს „დელუქს-ისნის“ ახალმა დირექტორმა თ.ჯ-მ მინდობილობა გაუფორმა ა.ა-ს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მოქალაქესთან აფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რა დროსაც ერთი და იმავე ბინებს ასხვისებდა, ზოგიერთ სართულზე კი ყიდდა იმაზე მეტ ბინას, ვიდრე რეალურად კომპანიას გააჩნდა. აღნიშნული ქმედებით ა.ა. მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო შპს „დელუქს ისნის“ დირექტორმა თ.ჯ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი 336 820 ლარი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით თ.ზ., ლ.ს.ს და ლ.ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 და 28 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ედავება, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობას (დიდი ოდენობით) გულისხმობს.

პროკურატურამ თ.ჯ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებას გულისხმობს.

ა.ა-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) 2020 წლის 11 ივლისს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

პოროკურატურის ცნობით, უწყება თ.ზ-ს, ლ.ს-ს, თ.ჯ-ს და ლ.ბ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას სასამართლოს დღესვე მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი