ახალი ამბები

“როცა საჭიროდ ჩავთვლით, დაბრუნდება” – ზალკალიანი უკრაინიდან გამოწვეულ ელჩზე

28 აგვისტო, 2020 • 824
“როცა საჭიროდ ჩავთვლით, დაბრუნდება” – ზალკალიანი უკრაინიდან გამოწვეულ ელჩზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს თითქმის 4 თვეა გამოწვეული ჰყავს ელჩი უკრაინიდან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს საფრთხეს არ უქმნის.

“არ უქმნის საფრთეს [ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას]. მე მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და კომუნიკაცია ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუდმივად ვარ მასთან კავშირზე. უკრაინელებმა იციან ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია და ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, ის აუცილებლად დაბრუნდება”, – განუცხადა დავით ზალკანლიანმა “მთავარ არხს”.

უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში გამოწვევის შესახებ ცნობა 8 მაისს დადასტურდა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

9 მაისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემდგომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და დიპლომატიურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უკრაინიდან ელჩი იმისთვის გამოიწვიეს, რომ იმსჯელონ, როგორ არ დააზარალონ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები „ავანტიურისტმა პოლიტიკოსებმა“.

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება.

“ეს არ ეხმარება ვითარებას”, – განუცხადა დოლგოვმა “ინტერპრესნიუსს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი