იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ექსტრაკორპორული, ანუ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეეძლებათ მხოლოდ წყვილებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში არიან დაქორწინებული ან ფაქტობრივად ცხოვრობენ ერთად. ცვლილებების შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2020 წლის 25 აგვისტოს დაამტკიცა.
ცვლილებების შეტანამდე კანონით არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუ რამდენი ხანი უნდა ეცხოვრა წყვილს ერთად, ან რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ დაქორწინებული იქამდე, სანამ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ჩვილის შვილად აყვანას შეძლებდნენ.
სახლემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “აღნიშნული ცვლილების მიღების მიზეზი ჩვილებით ვაჭრობის, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად ქცევის რისკების შემცირებაა”.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასევე შეახსენებს ყველას, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ”, – წერია განცხადებაში.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98% უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100% საქართველოს მოქალაქე ქალია.
ამასთან, განცხადებაში განმარტებულია, რომ წყვილს, რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, მისი აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს და არ უნდა წარმოადგენდე ფსიქტიურ წყვილს, რომლის მიზანიც ბავშვის საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისთვის გაყვანა იქნება.
იმისთვის, რომ ქალმა და მამაკაცმა დაადასტურონ საკუთარი ფაქტობრივი თანაცხოვრება, მათ ნოტარიუსთან უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ, საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი; რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა.