ახალი ამბები

დეკანოიძე ადასტურებს, რომ ენმ-მ, შესაძლოა, ისანში ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს

20 აგვისტო, 2020 • 883
დეკანოიძე ადასტურებს, რომ ენმ-მ, შესაძლოა, ისანში ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიამ ისნის ოლქში თავიანთი მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენოს. როგორც ცნობილია, ამ ოლქში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი, “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

როგორც დეკანოიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ  ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო და გაერთიანებიდან გავიდა.

მისივე თქმით, პრობლემა იყო ისიც, რომ თაკო ჩარკვიანი, რომელმაც საბურთალოს ოლქში საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, გიორგი ვაშაძეს შეუერთდა.

” გიორგი ვაშაძე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და გავიდა გაერთიანებული ოპოზიციიდან. მათ შორის შეთანხმების პრობლემა იყო ის, რომ ორი კანდიდატი ჰყავს “ახალ საქართველოს” საბურთალოსა და ისანში. ორი კანდიდატურა “ახალ საქართველოს” და ორი “ნაციონალურ მოძრაობას” ცოტა უსამართლოა და შეთანხმების ნაწილი ამ კონტექსტში უკვე დარღვეულია. ასე რომ, ამ საკითხზეც მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა იმდენად, რამდენადაც ვფიქრობთ, რომ ეს არის ობიექტური გადანაწილება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ელენე ხოშტარიას, მხარს ვუჭერთ ზურაბ ჯაფარიძეს, მხარს ვუჭერთ შალვა ნათელაშვილს, ყველა მოცემულობაში ვრჩებით თბილისის შეთანხმების ერთგული. მაგრამ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით გარკვეულწილად ეს მოსაზრებები არსებობს. თვითონ დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, არავის არ უთქვამს, რომ გაერთიანებიდან გასულიყო. შესაბამისად, ასეთი შეშფოთება გვაქვს”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ,

დეკანოიძე ჯერ არ ადასტურებს, ისნის ოლქში თავად იქნება თუ არა “ნაციონალურ მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი.

“კანდიდატურაზე არ მიმდგარა საკითხი, მაგრამ თუ გადავწყვიტეთ, რომ კანდიდატურა დავაყენოთ, დავაყენებთ პოლიტიკურ ლიდერს. მე არც ჩემზე და არც სხვაზე არ შემიძლია დაგიდასტუროთ, ჯერჯერობით გენერალური გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მაგრამ უახლოეს პერიოდში აუცილებლად გავახმოვანებთ ამ გადაწყვეტილებას”,— განაცხადა დეკანოიძემ.

თავად გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ მას არცერთი შეთანხმება არასოდეს დაურღვევია და თუკი “ნაციონალური მოძრაობა” კონკურენტს დაუყენებს, მას დაამარცხებს.

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობაც” შედის, 27 ივლისს დატოვეს. მანამდე, 20 ივნისს, თაკო ჩარკვიანმა საკუთარი თავი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი