ახალი ამბები

ეს არის თვალთმაქცობა — დეკანოიძე “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

26 აგვისტო, 2020 • 1120
ეს არის თვალთმაქცობა — დეკანოიძე “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს. როგორც დეკანოიძე ამბობს, მაშინ, როდესაც კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები არ დასჯილან, მმართველი გუნდისაგან მსგავსი ინიციატივა “თვალთმაქცობააა”

“დღემდე არ დასჯილან ადამიანები, ვინც კორცხელში იძალადა ოპოზიციაზე. მე მაინტერესებს, ამ ინიციატივით რომ გამოდის უმრავლესობა, ამ ადამიანებს რას უპირებენ, ან რეაგირება როგორი ექნებათ? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის თვალთმაქცობა”, — განაცხადა TV პირველთან დეკანოიძემ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, 22 მაისს, სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე,  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს- ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ენმ-ის განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

დღეს, 26 აგვისტოს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევაში.

„საარჩევნო კოდექსში მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც“, – ამბობს თალაკვაძე.

მისივე განმარტებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი