ნეტგაზეთი | უცხოელი პარტნიორების მოტყუების მცდელობაა – ბაქრაძე ოცნების ინიციატივაზე უცხოელი პარტნიორების მოტყუების მცდელობაა – ბაქრაძე ოცნების ინიციატივაზე – Netgazeti
RU | GE  

უცხოელი პარტნიორების მოტყუების მცდელობაა – ბაქრაძე ოცნების ინიციატივაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო ინიციატივას აფასებს, როგორც „უცხოელი პარტნიორების მოტყუების მცდელობად“.

26 აგვისტოს „ქართული ოცნება“ გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

ბაქრაძე ამბობს, რომ „ამგვარი შეზღუდვები არ მოქმედებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებზე, რადგან სწორედ ქართული ოცნებაა ამგვარი დარღვევების მთავარი ინიციატორი“.

„იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე კონკრეტული მექანიზმი, საუბარი იმაზე, რომ თურმე პასუხისმგებლობის ფორმა, ზოგადად, იცვლება ადმინისტრაციულიდან სისხლისსამართლებრივზე, ეს არის უბრალოდ მცდელობა, მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებაში“, – თქვა დავით ბაქრაძემ.

„დღემდე ყველა ეს მოქმედება იყო დასჯადი, დღემდე არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ დასჯილა ასეთი მოქმედების და კანონის დარღვევისთვის, დღემდე ხელისუფლებამ უარი განაცხადა ყველა კონკრეტული მექანიზმის მიღებაზე, რომელიც არჩევნებს გახდიდა უკეთესს და გამორიცხავდა ასეთი ტიპის დარღვევებს. ამიტომ, ამ ვითარებაში არსებობს ნულოვანი ნდობა, რომ ქართული ოცნება ამ ინიციატივით მართლაც ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას. ამრიგად, გამოსავალი არის ერთადერთი, ეს გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, არჩევნებში გამარჯვება და სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას მოუტანს უკეთესობას ყველა მიმართულებით, მათ შორის – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც“, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევაში.

„საარჩევნო კოდექსში მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც“, – ამბობს თალაკვაძე.

მისივე განმარტებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com