თბილისში, პარლამენტის წინ, ბელორუსის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობისგან ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას და თბილისის ანძის ბელორუსის პირველი რესპუბლიკის დროშის ფერებში განათებას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა “შეცვალეს” წევრის, ნიკა ფარულავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას მკაფიო ნაბიჯები და კონკრეტული განცხადებით არალეგიტიმურად უნდა ცნოს 9 აგვისტოს ბელორუსში ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო რჩება:
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას მკაფიო ნაბიჯები და მიმართული კონკრეტული განცხადებით უნდა დაგმონ და არალეგიტიმურად ცნონ ბოლო არჩევნები. ასევე, ის ვითარება, რაც დღეს ბელორუსში მიმდინარეობს. ანძაც სიმბოლოა იმისი, რომ კახა კალაძემ ვერ შეძლო თბილისის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ბელორუსის ფერებში განათება”, – განაცხადა ფარულავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.
არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.
ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. გაფიცულნი არიან მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი. 17 აგვისტოს ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.
აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.