ახალი ამბები

თეთრი და წითელი: ბელორუსის ოპოზიციის სიმბოლოს ისტორია

17 აგვისტო, 2020 • 3386
თეთრი და წითელი: ბელორუსის ოპოზიციის სიმბოლოს ისტორია

თეთრი დროშა წითელი ზოლით ბელორუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ბელორუსის ამჟამინდელი დროშა სულ სხვანაირია და წითელ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. რატომ ამბობენ უარს დემონსტრანტები აღნიშნული სიმბოლიკის გამოყენებაზე? აგიხსნით მოკლედ:

დამოუკიდებლობის მოპოვება ბელორუსმა XX საუკუნეში, მცირე ხნით შეძლო: ეს მოხდა 1918 წელს, როცა ბელორუსი გამოეყო რუსეთის იმპერიას და ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა. მაშინ მისი სიმბოლო სწორედ თეთრი დროშა იყო წითელი ზოლით.

ბელარუსის პირველი რესპუბლიკის დროშა ფართომასშტაბიან დემონსტრაციაზე მინსკში. 16.08.20 ფოტო: EPA

Britannica-ს თანახმად, ახლად გამოცხადებული სახელმწიფოს დროშა თავდაპირველად მხოლოდ თეთრი იყო, შემდგომ კი შუაში წითელი ზოლიც დაემატა. მანამდე, აღნიშნულ სიმბოლიკას ბელორუსული ნაციონალისტური ორგანიზაციები და ასოციაციები იყენებდნენ. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამ სიმბოლიკას წარმოშობით ბელარუსელი მებრძოლები იყენებდნენ ლიტვის დიდი სამთავროსა(XIII სკ.) და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის(1569–1795) მხარეს ბრძოლისას.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულმა რესპუბლიკამ სულ რამდენიმე თვე იარსება, დროშამ მაინც დატოვა კვალი ბელორუსელთა ცნობიერებაში და ეროვნულ სიმბოლოდ ჩამოყალიბებაც დაიწყო. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მის გამოყენებას პირველი რესპუბლიკის ემიგრაციაში წასული წარმომადგენლები განაგრძნობდნენ.

საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, სხვა გასაბჭოებული რესპუბლიკების მსგავსად, ბელორუსის ეროვნული დროშაც წითელმა ჩაანაცვლა. 1951 წელს საბჭოთა მთავრობამ წითელ ფერს მწვანეც დაუმატა და შეუხამა ტრადიციული ბელორუსული ორნამენტი, ნამგალთან და უროსთან ერთად.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ბელორუსის სიმბოლო კვლავ გახდა თეთრი დროშა წითელი ზოლით, თუმცა 1995 წლის რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობამ კვლავ დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის დროინდელი დროშის აღდგენას, თუმცა, ნამგლისა და უროს გარეშე, მინიმალური შესწორებებით.

1995 წლის რეფერენდუმი სხვა ფაქტორების გამოც არის მნიშვნელოვანი: ალექსანდრე ლუკაშენკოს, როგორც ერთპიროვნული ლიდერის, აღზევება სწორედ ამ დროიდან იწყება. ამავე რეფერენდუმის ძალით გამოცხადდა რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად, მოქალაქეებმა პრეზიდენტს უფლება მისცეს, დაეთხოვა პარლამენტი და გაეღრმავებინა მუშაობა რუსეთთან ინტეგრაციის მიმართულებით. როგორც Meduza აღნიშნავს, რეფერენდუმის დღეებში ლუკაშენკო აქტიურად აღვივებდა საბჭოთა ნოსტალგიას, ბელორუსულ ნაციონალიზმს კი მისი ძალაუფლების მთავარ საფრთხედ აცხადებდა.

თავდაპირველად დროშას დიდწილად ნაციონალისტური ჯგუფები იყენებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ლუკაშენკოსადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. ამიტომაცაა, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში და მის შემდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან დემონსტრაციებზე თეთრი და წითელი ფერი მკვეთრად დომინირებს. ამის საპირისპიროდ, ბელორუსის ამჟამინდელი დროშები ეჭირათ ლუკაშენკოს მომხრეებს, რომლებიც 16 აგვისტოს მინსკის ცენტრში შეიკრიბნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი