ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

26 აგვისტო, 2020 • 2015
ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ. მისი თქმით, COVID-19-ის პრევენციისთვის ამაზე უკეთესი საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და აღნიშნულ სახელმწიფოთა მთავრობების პოლიტიკაზე პირბადეებთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით. აი, ახლაც ძალიან ბევრი ბრძანდებით, რომელთაც არ გიკეთიათ პირბადეები. დახურულ შენობებში აუცილებელია [პირბადის გაკეთება].

დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა: საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე ნაკლებად, მაგრამ არის ზრდის ტენდენცია გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარდა. დღეს პირბადის ტარება განიხილება ძალიან მკაცრად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრევენციული საშუალების სავალდებულოდ ტარების აუცილებლობა. ჯარიმები რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია აყვანილი.

მე არ ვსაუბრობ ჯარიმებზე აქ. მე ვსაუბრობ თვითშეგნების ამაღლებაზე მოსახლეობაში… საფრანგეთის მთავრობამ განიხილა ასევე ღია სივრცეებში პირბადეების სავალდებულოდ ტარების აუცილებლობა, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, დაცვის ამაზე უკეთესი საშუალება  ჯერჯერობით არ არის”, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამირან გამყრელიძემ მედიას მოუწოდა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას პირბადეების სარგებელთან დაკავშირებით. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დახურულ სივრცეებთან ერთად, პირბადის ტარება საჭიროა ღია სივრცეებშიც, “თუ იქ ბევრი ადამიანი იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი