ახალი ამბები

პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონის ინიცირებას ვგეგმავთ – ლელო

26 აგვისტო, 2020 • 1558
პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონის ინიცირებას ვგეგმავთ – ლელო

პოლიტიკური პარტია „ლელო“ ამბობს, რომ პარლამენტში შესლვისთანავე ლუსტრაციის კანონის ხელახალ ინიცირებას, საბოლოოდ კი, მის მიღებას, გეგმავს.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელსაც მისი წევრები – ფიქრია ჩიხრაძე და ლევან კობერიძე უძღვებოდნენ. ჩიხრაძემ დასაწყისშივე განმარტა, რომ „ლელოს“ აზრით, ლუსტრაციის კანონის მიღება აუცილებელია, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და ე.წ. რუსული რბილი ძალა კვლავ მოქმედებს.

ლუსტრაციის კანონი იმ ქვეყნებში, სადაც ის მოქმედებს, მათ შორის ამოწმებს სახელმწიფო თანამდებობების პირებს სპეციალური მექანიზმით, რათა დადგინდეს, ჰქონდათ თუ არა ამ პირებს წარსულში კავშირი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან.

რაც შეეხება ლევან კობერიძეს, მან თქვა, რომ დაახლოებით 2 წლის წინ მცდელობა ჰქონდა, ლუსტრაციის კანონის ინიცირება დაეწყო – „თუმცა „ქართული ოცნების“ ჯგუფში ამან დიდი ენთუზიაზმი და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“.

„ეს იქნება პირველი იმ კანონთაგანი, რომელსაც „ლელო“ პარლამენტში შესვლის შემდეგ გაუკეთებს ინიცირებას“, – ამბობს კობერიძე.

„ყველაზე მთავარი ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკურ და საჯარო პირებისთვის განსაკუთრებული შეზღუდვების და აკრძალვების დამყარება, რომლებიც ან თანამშრომლობენ, ან თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურებთან“, – თქვა კობერიძემ ბრიფინგზე.

კობერიძე 2018-ში ლუსტრაციის კანონის ინიცირებაზე  მართლაც საუბრობდა.  მაშინ განაცხადა, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ „საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება“.


ომბუდსმენის ოფისის მიერ მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით, ლუსტრაცია აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ.

“ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე (მათი უმრავლესობა 1990-1993 წლებში მიიღეს), როგორც წესი, სპეციალური ორგანოს მიერ (მაგალითად, უნგრეთში ლუსტრაციას ახორციელებდა პარლამენტის მიერ არჩეული კომიტეტი, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა). თუ ლუსტრაციის პროცესში დასტურდება ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აქვს არჩევანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებასა (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და თანამდებობის იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით)”.

საქართველოში ლუსტრაციის კანონი არა, მაგრამ არსებობს თავიუსფლების ქარტია, რომელიც 2011 წელს მიიღეს. ქარტია 2013 წელს მიღებული ცვლილებებით გაფართოვდა. ქარტია ებრძვის კომუნისტურ-ტოტალიტარულ სიმბოლოებს ასევე ითვალისწინებს თანამდებობრივ შეზღუდვებს სსრკ-ის სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისათვის, თუმცა სიები საჯარო არ არის..

მასალების გადაბეჭდვის წესი