საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შტატგარეშე თანამშრომელი, თანაშემწე, თანამდებობიდან გადადგა.
“ძვირფასო მეგობარებო, 2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დაძაბულობის ასაცილებლად მივიღე გადაწყვეტილება, საკუთარი სურვილით გადადგომაზე განცხადება დავწერო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის და ყველგან ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავ”, – წერს ლაშა საკანია.
23 აგვისტოს აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციის უმაღლესმა საბჭომ – “არუაამ” სახალხო კრების დეპუტატები შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრის ოფიციალური მიზეზი გახდა აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ლაშა საკანიასა და ქართველ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა.
სოხუმში “პატრიოტთა ალიანსის” საკითხზე ბჟანიას თანაშემწის გადადგომას მოითხოვენ
ასლან ბჟანიას შტატგარეშე მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის, ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიით გავრცელდა. თავიდან ლაშა საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს “პატრიოტებთან” შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.
“არუაა”, როგორც დე ფაქტო ახალი ხელისუფლების ოპოზიციური ძალა, აცხადებდა, რომ დაუშვებელია საიდუმლო, თუნდაც ჰუმანიტარული სახის, შეხვედრების მოწყობა.