ახალი ამბები

გერმანიის კლინიკა ადასტურებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

24 აგვისტო, 2020 • 1345
გერმანიის კლინიკა ადასტურებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

გერმანიის კლინიკა Charité, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია მოთავსებული, აცხადებს, რომ პოლიტიკოსი მოწამლულია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “დოჟდი” კლინიკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

“კლინიკურ მონაცემებში მითითებულია ინტოქსიკაცია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორთა ჯგუფიდან. კონკრეტული ნივთიერება ჯერ არ არის ცნობილი”,— ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ნივთიერებათა ჯგუფი პოტენციურ ნეიროტოქსინებს წარმოადგენს. მათი ზემოქმედების შედეგად ძლიერდება ნერწყვის დენა. ასევე, შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთის სპაზმი, დიდი დოზის შემთხვევაში- სიკვდილიც კი.

მათივე განმარტებით, მომწამლავი ნივთიერების დასაზუსტებლად გაფართოებული კვლევა ჩატარდება. თუმცა, მათივე ცნობით, ნავალნის ორგანიზმში ტოქსინის მოქმედება რამდენიმე დამოუკიდებელი კვლევით დასტურდება.

ექიმების განცხადებით, ჯერჯერობით რთულია ნავალნის მდგომარეობის პროგნოზირება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოწამვლამ ნავალნის ორგანიზმე გრძელვადიანი გავლენა იქონიოს, განსაკუთრებით კი, მის ნერვულ სისტემაზე.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.

ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მზადაა ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი განიხილოს.

22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი