ახალი ამბები

გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ნავალნი მოწამლეს

24 აგვისტო, 2020 • 2074
გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ნავალნი მოწამლეს

გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა, შტეფენ საიბერტმა განაცხადა.

მისი თქმით,  რუსეთის თანამედროვე ისტორიას მსგავსი მოწამვლის არაერთი შემთხვევა ახსოვს.

“ეჭვი არის არა ის, რომ ნავალნიმ თავი მოიწამლა, არამედ ის, რომ ბატონი ნავალნი ვიღაცამ მოწამლა. სამწუხაროდ, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში მსგავსი მოწამვლის ერთი და ორი შემთხვევა არაა. ნათელი იყო, რომ მისი ჩამოყვანის შემდეგ უსაფრთხოების ზომები იყო მისაღები, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს პაციენტთან, რომელიც მოწამვლის სამიზნე გახდა”, — განაცხადა საიბერტმა.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.

ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მზადაა ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი განიხილოს.

22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი